მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითომ ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს თბილისში" - კალაძის განმარტება გავრცელებულ ფოტოზე

5e3a7aa9d7fc7
ინგა მურუსიძე
05.02.20 12:25
1483

ე.წ. ზეემკას დასახლების რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელზეც ამორტიზებული, თუმცა დახაზული ასფალტი იყო ნაჩვენები და რომელმაც საკმაო კრიტიკა გამოიწვია.

„ეს ფოტო საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ოპონენტებში. აქ იყო ფრაგმენტული პრობლემა და GWP-მა განახორციელა სამუშაოები, ხოლო შემდეგ ადამიანების ჯგუფმა გააკეთა ეს დახაზვითი სამუშაოები; მე მგონია, ყველა მიხვდება ვინ არის ეს ჯგუფი. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა და სამგორის რაიონის გამგეობა. ხომ ხედავთ, რა დონეზე არიან დასულები და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი გამზადებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას და მოიფიქრეს ასეთი ხუმრობა. სად არიან ხომ ხვდებით? ვითომ ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს თბილისში. ეს ქუჩა მოწესრიგდება მთლიანად“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით,  წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური მოწყობა უკვე დაიწყო.

„სამუშაოები ადრეც განხორციელებულა აქ, თუმცა არა ამ მასშტაბის. ამჯერად, უბანში ყველა ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ჯამში 10 440 კვ.მ. ფართობი წესრიგდება. დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ასევე, მოეწყობა ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე. ჯერ კიდევ გასულ წელს, სამგორის გამგეობამ ბარბარეს უბანში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა და ყველა ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელები, ახლა კი განხორციელდება საგზაო სამუშაოები, რომელიც ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 582 945 ლარია“, - განაცხადა კალაძემ.