მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვივამედი" - მოქალაქეების აცრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმუნიზაციის პორტალს გადავუგზავნეთ

609e7beb9f4f3
ინგა მურუსიძე
14.05.21 21:25
1582
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" მეორე დოზით რეგისტრაციისთვის პორტალი უკვე ორი დღეა გახსნილია, თუმცა მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას კვლავ ვერ ახერხებს. როგორც ვაქცინაციის მსურველთა ნაწილი ამბობს, საიტზე ისიც კი არ ჩანს, რომ მათ პირველი დოზა უკვე მიიღეს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა კლინიკა "ვივამედში" გაიკეთეს.

bm.ge-მ საკითხის გარკვევა დაავადებათა კონტროლის მართვის ეროვნულ ცენტრში სცადა. NCDC-ის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მედიასთან კომენტარს ვერ გააკეთებენ და მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზს ან კლინიკას მიმართონ.

კლინიკა "ვივამედში" კი აცხადებენ, რომ პრობლემა, სავარაუდოდ, ვაქცინაციის პორტალს აქვს, რადგან მათი მხრიდან მოქალაქეების აცრის დამადასტურებელი ყველანაირი დოკუმენტაცია გადაგზავნილია.

ჩინური ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისს 20:00 საათიდან დაიწყო, თუმცა, პორტალზე ტექნიკური ხარვეზის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ. გუშინ ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, "როცა გაიხსნა რეგისტრაცია "სინოფარმის" მეორე დოზაზე და დაიწია "ასტრაზენეკას" ასაკმა, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები გვეუბნებიან, 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა იყო, სწორედ ამას ვერ გაუძლო სისტემამ და მოხდა ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც დრო დასჭირდა". 

გამყრელიძემ გუშინ განმარტა, რომ IT-სპეციალისტების თქმით, ხარვეზი აღმოფხვრილია და აღარ განმეორდება.