24.იანვარი .2021 19:30

"ვიხრჩობით... თუ მარტამდე ასე გაგრძელდა, ალბათ თანამშრომლებით ქუჩაში გამოვალთ" - რესტორანი "შავი ლომი"

"ვიხრჩობით... თუ მარტამდე ასე გაგრძელდა, ალბათ თანამშრომლებით ქუჩაში გამოვალთ" - რესტორანი "შავი ლომი"
views 4165
უკან

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის მერიკო გუბელაძის თქმით, რესტორნები უბრალოდ „იხრჩობიან“ და თუკი მთავრობა მათი გახსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დაიხურებიან.

როგორც გუბელაძემ bm.ge-სთან საუბარში თქვა, სააახლწლოდ რესტორნებს ასე თუ ისე შეკვეთები ჰქონდათ და შეძლეს გადასახადების გადახდა, ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების მიცემა, თუმცა მხოლოდ დროებით.

„ბოლო ერთი კვირაა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ დღიურად შეიძლება შეკვეთა იყოს 150 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ალბათ თვის ბოლომდე გავქაჩავთ და მერე ალბათ დახურვა მოგვიწევს. ფიზიკურად ხელფასებს ვერ გავცემთ და თანამშრომლებმა რომ კეთილი ნებით იმუშაონ უფასოდ, კომუნალურებს ვერ გადავიხდით. თან ზამთრის პერიოდი დაგვემთხვა და პროდუქტს ძალიან ძვირად ვყიდულობთ“, - განაცხადა გუბელაძემ.

მისივე თქმით, თებერვალში რესტორანი ფიზიკურად ვერ იმუშავებს, მარტამდე მოლოდინის რეჟიმში იქნებიან, ხოლო თუ მარტშიც არ გაიხსნება, ალბათ რესტორატორები თავიანთი თანამშრომლებით გარეთ გამოვლენ და მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას.

გარდა ამისა, გუბელაძის განმარტებით, სერიოზული პრობლემა რესტორნებისთვის არის საბანკო ვალები.

„ჩვენ ვიხრჩობით. არსებობს არაფრისმომცემი რეგულაციები, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. რთული, მიუღებელი სიტუაციაა“, - განაცხადა გუბელაძემ.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც რესტორატორი ასახელებს, მიტანის სერვისის ღირებულებაა, რის გამოც ფიზიკურად მუშაობაც კი არ ღირს.

„დღესდღეობით დელივერი სერვისი გვაქვს, მაგრამ არსებობს გატანის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ფაქტობივად ჩვენი მეწილეები არიან. 23 და 30% არის წილი კომპანიაში. მე ამდენი მოგება არ მრჩება. აქაც ვერაფერი დალაგდა. ეკონომიკური ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გვქონდა და როცა ეს საკითხი დავაყენეთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მთავრობა მათ მხარეს იყო. რეკომენდაციაც კი არ გაიცა, რომ მათ პროცვენტი დაეგდოთ. აქაც საუბარი იყო იმაზე, რომ კერძო ბიზნესია და ვერ ვეხებითო. ყველა კერძო ბიზნესი ყოფილა ჩვენ გარდა. ძალიან გაბრაზებულები ვართ ყველა. შერჩევითი სამართალია რაღაცნაირად“, - ამბობს რესტორატორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა