12.თებერვალი .2020 15:51

"ვნახოთ, რამდენად შეესაბამება რეალობას" - ვიცე-პრემიერი APM-ის განცხადებაზე

views 293
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უკვე წლებია ფოთის პორტის გაფართოებაზე განცხადებები კეთდება, თუმცა მფლობელს ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია.

მინისტრის თქმით, თუკი კომპანია სახელმწიფოს პორტის გაფართოება-გაღრმავების ნებართვის თხოვნით მიმართავს, ამ საკითხს ყველა შესაბამისი უწყება განიხილავს და გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული.

„მოგეხსენებათ, რომ როდესაც მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა 2014 წელს, მაშინ ქვეყანაში გვქონდა როგორც ფოთის პორტი, ისე ბათუმის პორტი, ყულევიც, სუფსაც და ა.შ. ყველა ამ პორტს აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი შესაძლებლობები და იცით, რომ ყველა პორტი, მათ შორის ფოთიც, არის კერძო მფლობელობაში, შესაბამისად, მათ აქვთ თავიანთი განვითარების გეგმები.

ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით ფოთის პორტის მენეჯმენტის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავენ გაფართოებას, თუმცა აქტიურად არ მიმდინარეობდა მუშაობა. დღეს მედიის საშუალებით ვნახე APM-ის განცხადება იმის შესახებ, რომ გეგმავენ გაფართოებას. ვნახოთ, ეს განცხადება რამდენად შეესაბამება რეალობას. თუკი ეს მიმართვა იქნება ოფიციალურად მიწოდებული ეკონომიკის სამინისტროსთვის, განიხილავს ყველა შესაბამისი უწყება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება.  განსახილველი იქნება როგორც APM-ის გეგმა, ასევე გარემოზე ზემოქმედების და სხვა სოციალურ - ეკონომიკური ფაქტორები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მან ყველაფერი იცის მხოლოდ მედიიდან, თუმცა საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება გეგმებთან დაკავშირებით, გარანტიების მიღება იმაზე, რომ პროექტი ნამდვილად განხორციელდება.

„ეს არის გრძელვადიანი, შრომატევადი პროცესი, რომლის თანამონაწილეები ვიქნებით ყველა და ამაზე ყველა გაიგებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: დღეს “ეიპიემ ტერმინალსმა” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა