მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტ საქართველო" აქციის მონაწილეების მხრიდან კურიერებზე ზეწოლის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს (რ)

642938eba6ba3
BM.GE
02.04.23 13:20
649
"ვოლტ საქართველო" აქციის მონაწილეების მხრიდან კურიერებზე ზეწოლის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს. კომპანიის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ.



"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და "ვოლტ საქართველოს" მიმართ გაჟღერებული ბრალდებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ მცირე ნაწილი იმ ვიდეო მასალისა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში შეგროვდა. მასალაში კარგად ჩანს, როგორ ახდენენ ზეწოლას საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ პარტნიორ კურიერებზე, ვინც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, ვაქვეყნებთ პარტნიორი კურიერების მიერ "ვოლტ საქართველოსათვის" გაგზავნილი შეტყობინებების ასევე მცირე ნაწილს, რათა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს, რა მეთოდებს იყენებენ აქციის მონაწილეები კომპანიის დასაზიანებლად. ფაქტია, აქციის მონაწილეთა ნაწილის მიზანი არა რეალური შედეგის მიღწევა, არამედ კომპანიის რეპუტაციის შელახვაა.

"ვოლტი" განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, მათ შორის, ახალი პარტნიორი კურიერების მიღებასაც. ეს სტანდარტული სამუშაო პროცესია, რომელიც არ უკავშირდება საპროტესტო აქციებს და პროტესტის დაწყებამდეც აქტიურად მიმდინარეობდა.

"ვოლტის" მენეჯმენტმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 30 მარტს ჩაატარა ვრცელი პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებასა და მედიაში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი.

პრესკონფერენციაზეც აღვნიშნეთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ "ვოლტის" საქართველოში ოპერირების ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის, არც ბოლო დღეებში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ხელშეკრულებას ვწყვეტთ მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვა.

ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ. თუმცა, თუ ეს უფლება გადაიზარდა სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში, ვოლტი ყველანაირ კანონიერ საშუალებას გამოიყენებს, საკუთარი პარტნიორი კურიერების დასაცავად.

ძირითად საკითხებზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.