მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვსაუბრობ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე" - დიმიტრი აბდუშელიშვილი

634029b805f3f
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.22 18:55
3141
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტების იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ქვეყანას აკრიტიკებს.  "ამ სტატუსს <არ> ვაზოგადებ ყველა რუსულენოვანზე, ვინც მართლა დევნილი და რეპრესირებულია რეჟიმისგან. მე ვსაუბრობ მხოლოდ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე", - წერს ბიზნესმენი. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები. 

BM.GE ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი საქართველოში შემოსული რიგი რუსი მოქალაქეების "აღშფოთებას", რომ თურმე საზოგადოებრივ თუ საყოფაცხოვრებო ლოკაციებზე, სათანადო ჰიგიენური პირობები და კომფორტი არ არის და მეტიც, ანტისანიტარია ხვდებათ...

მე ქსენოფობიას ვერავინ დამწამებს, თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობარი და ნაცნობი, მათ შორის, ცხადია, რუსეთშიც.

არც ამ სტატუსს ვაზოგადებ ყველა რუსულენოვანზე, ვინც მართლა დევნილი და რეპრესირებულია რეჟიმისგან. მე ვსაუბრობ მხოლოდ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ გააზრება, რომ თავშესაფარს მათსავე დაპყრობილ ქვეყანაში ეძებენ და პლუს ჰიგიენურ პირობებს უწუნებენ და ამაზე ბედავენ და წუწუნებენ კიდეც...

ჩვენ მათსავით ხომ არ ვიქცევით, არა?! 2006 წელს, მართლა ეთნიკური ნიშნით არ გამოადეპორტეს ასობით ქართველი?

მათდამი არაადამიანური მოპყრობა და ეთნიკური ნიშნით დევნა, სტრასბურგის სასამართლომაც კი ცნო.

მაგრამ ეს რა მოსატანია უკვე 2008 წელთან...

ცხადია, მაშინაც იყვნენ, ახლაც არიან რუსები, რომლებიც ამ ყველაფერს ტრაგედიად აღიქვამენ, ვინც თავადაც, პუტინის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს თავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა მათგანს, ვინც საქართველოში ეძებს ან იპოვა თავშესაფარი, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული; რომ უკრაინაზე თავდასხმა და უამრავი მსხვერპლი, დევნილი უკრაინელი მათი დანაშაულებრივი რეჟიმის შედეგია... გააზრებული უნდა ჰქონდეთ ისიც, რომ საქართველო უკრაინასთანაა ამ ომში, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის ცივილური ნაწილი; რომ საქართველოში, თავიანთსავე ქვეყანაში, დევნილობაში, ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს ასობით ათასი ადამიანი...

შეუძლიათ შემოსვლა, როცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ...

ამაზე კი, გულწრფელად ვფიქრობ, რაღაც რეგულაცია არის მოსაფიქრებელი...იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ..

P.S. ისე კი, მიუხედავად ყველა იმ სიმძიმისა, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ოკუპირებულ ქვეყანას, მაინც ვიტყოდი, რომ რუსი მოქალაქეების დასაცინი და დასაწუნი, საერთოდ არაფერი არ გვაქვს... არც ჰიგიენა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს დიმიტრი აბდუშელიშვილი.