22.აგვისტო .2019 21:19

"წარმოადგინოს ყველა ბანკმა დოკუმენტაცია, ვინ როგორ მუშაობდა და მუშაობს, საზოგადოება ბევრ სიახლეს გაიგებს"

views 3574
უკან

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ ასახელებს იმ წინაპირობებს, რის გამოც იგი სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება მოხდა.

"24 ივნისს ლონდონში იყო ჩვენი აქციონერთა კრება. 24 ივნისამდე ჩემი და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, სერვერები, კომპიუტერები, რომ ცივილურ სამყაროში, იქ, სადაც სამართალი სამართალია, სადაც მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, შეემოწმებინათ დეტალურად ყველაფერი ბოლო 15 წლის განმავლობაში - ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია. შედეგად დაიდო დასკვნა, რომლის შედეგადაც ჩვენმა აქციონერებმა 98 პროცენტით აგვირჩიეს თავიდან და გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხების მართვა, რომელიც მათია "თიბისი ბანკში", 20 მილიარდზეა საუბარი.

ამის შემდგომ სამარცხვინოდ პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდნენ იმიტომ, რომ ფულს განდობენ, ინსტიტუტები, 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი... დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ვართ ცამდე მართლები! ამას რატომ ვამბობ – ვიღაცები ამბობენ, რომ მოძრაობა იმიტომ დაიწყეს, რაღაცას ამოეფარონო.

ჩვენ ეს მოძრაობა შეგვეძო დაგვეწყო იანვარში, როცა პირველი შეტევა იყო, დეკემბერში, როცა პირველად დაგვიბარეს, თებერვალში, როცა ბრიფინგები ჩაატარეს, თუნდაც მაისში, მაგრამ არ გაგვიკეთებია, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდით, ჩვენ დასარწმუნებელი არაფერი გვქონდა, მაგრამ სანამ ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ და არაფერი, ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი, მეგობრებო. მხოლოდ ამის მერე გამოვაცხადეთ მოძრაობის და პარტიის დაფუძნება. მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ, 29-წლიანი დოკუმენტაცია წარვადგინო. არაფერი გადაგვიგდია. ასე წარმოადგინოს ყველა ბანკმა, ყველა დამფუძნებელმა, ვინ როგორ მუშაობდა და როგორ მუშაობს და საზოგადოება გაიგებს ძალიან ბევრ სიახლეს.

ასე არ დამთავრდება ეს. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული, სამართლიანი ქვეყანა, სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით", - აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა