მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძიდან გახარიამდე - საერთაშორისო კომპანიების საგადასახადო შეღავათები, რომლის მიღებასაც 2 წელი დასჭირდა

5f7ee03988d06
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.20 14:20
1936
დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები. ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეღავათებით ისარგებლებენ IT და საზღვაო სფეროში ჩართული საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საკუთარ სერვისს უცხოეთში ყიდიან.

“IT სფეროს რაც შეეხება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება და მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მათ შორის გემის გაქირავება ეკიპაჟიანად, ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საკვების პროდუქტებით ან ტექნიკური დეტალებით მომარაგება და ა.შ. ეს არის საქმიანობები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ დადგენილებით დასაშვებად ცნობს“,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 2018 წლის ივნისში, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათი უნდა დაწესებულიყო იმ ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიდნენ. შემდგომში ამ ინიციატივამ ცვლილებები განიცადა და ბახტაძის პრემიერობის პერიოდშივე პარლამენტში დარეგისტრირდა საგადასახადო კოდექსში შესატანი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსს განსაზღვრავდა.

მას საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაუჭირა მხარი და საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი ახალი შეღავათების შესახებ. ამავე მუხლში განისაზღვრა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილების მეშვეობით განსაზღვრავდა. თუმცა, მთავრობამ 2019 წელს ამ კრიტერიუმების განსაზღვრისთვის ვერ მოიცალა, შესაბამისად კანონში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის შესახებ ჩანაწერს ფაქტობრივად არ უმუშავია. 2020 წლის ივლისში პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში რიგი ცვლილებები დაამტკიცა, მათ შორის გარკვეული კორექტირებები შევიდა “საერთაშორისო კომპანიების” სტატუსის განმსაზღვრელ მუხლშიც. 2020 წლის სექტემბერში კი საბოლოოდ დამტკიცდა ის კრიტერიუმები, რომლითაც კომპანიებს ეს სტატუსი ენიჭებათ.

რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

● საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება;
● საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
● საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;
● საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით;
● საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით;
● საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

ამ დროისთვის უცნობია რა გავლენა ექნება ახალ საგადასახადო შეღავათებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე.