მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელიწადში 250 000-ლარიანი შეღავათია" - Helios Energy მზის ელექტროსადგურების შედეგებზე

60e3061d8b320
ინგა მურუსიძე
05.07.21 22:00
4307
საქართველოში ყველაზე მძლავრი, 435.6 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური უკვე ამუშავებულია. Helios Energy Georgia, რომელიც ნებისმიერი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ამონტაჟებს, ამჟამად თავისუფალ უნივერსიტეტში, უკვე არსებული მზის ელექტროსადგურის გაფართოებას შეუდგა. გარდა ამისა, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, ლოპოტას ტბაზე. 1 კვტ.სთ სიმძლავრის სადგურის მონტაჟი დამკვეთს $550-დან $800-მდე უჯდება და ფასი ტრანსპორტირების, ასევე ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო მცირედით, თუმცა გაზრდილია.

Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია bm.ge-ს საქმიანობის შესახებ უყვება და ამბობს, რომ მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე მოთხოვნა დიდია, მათ შორის საცხოვრებელ სახლებში.

„ჩვენ ვამონტაჟებთ მზის ელექტროსადგურებს, რომელიც ემსახურება ობიექტებზე ენერგიის მოხმარებას. ორივე ობიექტი, „ალფა პეტიც“ და „თავისუფალი უნივერსიტეტიც“ საკმაოდ დიდი ოდენობით ენერგიას მოიხმარს, გადასახადი გაუძვირდათ და გადაწყვიტეს მზის ენერგიაც დაიმატონ, რადგან ეს ძალიან მომგებიანია.

ფაქტობრივად, გვაქვს ისეთი წინაპირობა, რომ ინვესტირებულ თანხას 5 წლის განმავლობაში ამოიღებენ. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტები, რადგან მსგავსი სიმძლავრის სადგურები საქართველოში არ დამონტაჟებულა“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ და დასძინა, რომ ლოპოტას ტბაზე, ყველაზე მასშტაბური, 500 კვტ.სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება.




მისი განმარტებით, მზის ელექტროსადგური, ამ ეტაპზე არსებული სიდიდეებით, კომპანიებს ელექტროენერგიით სრულად ვერ უზრუნველყოფს. „მაგალითად „ალფა პეტის“ შემთხვევაში მზის ელექტროსადგური მოხმარებული ელექტროენერგიის 20-25%-ს გამოიმუშავებს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა - საშუალოდ 250 ათასი ლარის შეღავათი წელიწადში“, - აღნიშნა დარჯანიამ.

მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მათ შორის საცხოვრებელ სახლებში. Helios Energy-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ 3-4 კვტ.სთ-იანი სიმძლავრის ელექტროსადგურების დამონტაჟება, თუმცა დაკავებულობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.

მზის ელექტროსადგურების ინსტალაციას 5-კაციანი ჯგუფი ახორციელებს. როგორც დარჯანია გვიყვება, მემონტაჟეები გერმანიაში გადამზადდნენ.

„ჯამში 15-მდე ადამიანი ვაკეთებთ ამ საქმეს. ჩვენი პერსონალი, რომელიც ინსტალაციას აკეთებს, გერმანიაში არიან ნამუშევარი. ამ ადამიანებს, ვისაც ახლა ვასაქმებთ, გერმანიაში ვუშვებდით და იქ აინსტალირებდნენ. გამოცდილი ადამიანები არიან ამ თვალსაზრისით და ახალი კადრების აყვანა სერიოზული გამოწვევაა“ , - განაცხადა დარჯანიამ.

Helios Energy-ს წარმომადგენლები მზის ენერგიაზე მომუშავე საკუთარი ოფისისა და ე.წ. საწყობის მშენებლობას ნაძალადევის რაიონში გეგმავენ.