მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინასწარ ვიცით რა პრობლემებიც შეიქმნება მთის კურორტებზე, მაგრამ მათ მოგვარებას არ ვცდილობთ" - Inn Group

61dd6c02220d0
მარიამ ადამია
11.01.22 21:00
827
“წინასწარ ვიცით რა პრობლემებიც შეიქმნება მთის კურორტებზე, მაგრამ არ ვცდილობთ მათ მოგვარებას “ - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” Inn Group-ის სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საქმის კურსშია, თუმცა გაუგებარია წლების განმავლობაში რატომ არ გვარდება არსებული პრობლემები.

კოკაია პრობლემებს შორის ბაკურიანში წყლის, გზების, პარკინგის და ნარჩენების გატანის პრობლემებს ასახელებს.

“ყოველ წელს იქმნება წყლის პრობლემა, თუმცა ეს მიმართულება წელს შედარებით დარეგულირდა, რადგან 2019 წელს ჭკუა ვისწავლეთ, როდესაც ბაკურიანი, ტურისტულ სეზონზე წყლის გარეშე დარჩა. პრობლემაა გზები, რომლებიც უფრო ხშირად უნდა იწმინდებოდეს, რომ საცობები განეიტრალდეს. უფრო მეტი საპარკინგე ტერიტორია უნდა მოეწყოს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს საპარკინგე სივრცეები დაემატა, მაინც, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა და პრობლემა ისევ აქტუალურია. ასევე, ზამთარში ნარჩენების გატანა უნდა გახშირდეს. ეს ყველაფერი მოგვარებადია და ხელისუფლებაც საქმის კურსშია, თუმცა რატომ ვერ გვარდება, არ ვიცი”, - ამბობს ერეკლე კოკაია.

მისივე თქმით, პრობლემებს წელს ბაკურიანში გათიშული საბაგიროებიც ემატება.

“ხელოვნური გათოვლიანება არ მუშაობს და ამის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომელიც თოვლს ადნობს, მაგრამ ასეთ ამინდშიც და ნაკლები თოვლის პირობებში კი ბაკურიანში გვაქვს რეალური მაგალითები, როდესაც კერძო საბაგირო ჩართულია და ტრასა ფუნქციონირებს მოთხილამურეებისთვის, ხოლო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაგიროები არ ფუნქციონირებს, იქნება ეს კოხტა, თუ დიდველი. ასე რომ ამინდი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, - განაცხადა Inn Group-ის სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დააანონსა, რომ საქართველოს ოთხი სათხილამურო კურორტიდან წელს მხოლოდ ორის - გუდაურის და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანება უნდა დაწყებულიყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუდაურში ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2017 წელს დაიწყო. პროექტირება-მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 11 388 298 ლარი გამოყო. პროექტის ავტორები ამბობდნენ, რომ ხელოვნური ტბა გუდაურში სეზონის უფრო ადრე გახსნას შეუწყობს ხელს, რადგან ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო. ხელოვნური გათოვლიანება კი ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებლობის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ დრომდე ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაიხსნება კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად.