მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Wizzair-ზე იყო ამბავი - გადისო და Georgian Airways გაკოტრდება თუ არა - არავის აინტერესებს"

5efdee5c4bc2d
ელენე გოგბერაშვილი
02.07.20 18:41
7644
დღეს ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერისგან საჯაროდ მიიღო დავალება, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩანიშნული ჩარტერული ავიარეისების მიმართულებით უზრუნველყოფილ იქნას კონკურენციის მინიმალური დონე და მხოლოდ "ჯორჯიან ეარვეისი" არ იყოს ის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ჩარტერებს შეასრულებს. გახარიამ ისიც თქვა, რომ ავიაბილეთების ფასი არ უნდა იყოს ისეთი კატასტროფული, როგორიც სმენია.

გიორგი გახარიას ამ განცხადების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან თქვა, რომ ე.წ სოციალურ რეისებს, რომელიც დასუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ "ჯორჯიან ეარვეისი" არ შეასრულებს. მინისტრმა გუშინდელის შემდეგ დღეს ავიაკომპანია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და გაიმეორა, რომ ჯორჯიან ეარვეისმა პარიზის მიმართულებით ავიაბილეთები ისე გაყიდა, რომ რეისი ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მინისტრის ამ განცხადებას bm.ge-თან ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა უპასუხა.

„ყველა საქმის კურსში იყო, რადგან გამოცხადებული იყო, რომ 1 ივლისიდან ქვეყანა იხსნებოდა. აქედან გამომდინარე ყველა ყიდდა ბილეთებს და მათ შორის, ჩვენც. უმეტესწილად გაიყიდა ყველა მიმართულებაზე და ყველა ავიაკომპანიამ გაყიდა, როგორც დღეს იყიდება, რადგან დაანონსებულია, რომ საზღვრები 1 აგვისტოდან შეიძლება გაიხსნას. თუ გვითხრეს, რომ არ გაიხსნება, მაშინ ჩაიკეტება გაყიდვა“-აცხადებს გაიაშვილი.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებალდ ჩანიშნული სუბსიდირებული ავიარეისების მიმართულებით კონკურენციის უზრულველყოფასთან დაკავშირებით, გაიაშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა კომპანიის 900 თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა და დღიური 15 რეისის ნაცვლად თვეში მხოლოდ 10 რეისი სრულდება, პრიორიტეტი ეროვნულ ავიაკომპანის უნდა მიენიჭოს და სხვა ავიაკომპანიებს საქართველოს ზრუნვა არ სჭირდებათ.

„დღეში 15 ფრენას ვასრულებდით პანდემიამდე. პანდემიის შედეგად, ივლისში 10 ფრენა გვაქვს. კომპანიის 95% პარალიზებულია, 900 კაცი უმუშევარია და რაზეა ლაპარაკი, რისი მონოპოლისტობა? ჭკუაზეა ის ხალხი, ვინც იძახის, რომ მონოპოლისტია "აირზენაო"?!

ეროვნულ ავიაკომპანიას თვითონ ხალხი არ იცავს და რაც ხდება თქვენ ჩემზე კარგად იცით. Wizzair-ზე იყო ამბავი გადისო და "ჯორჯიან ეარვეისი" თუ გაკოტრდება და ყველა სახლში წავა ეს 900 ადამიანი, არავის აინტერესებს.

ჩაკეტილია ქვეყანა, ფრენები არ სრულდება და ჩარტერულ რეისებზეა მხოლოდ საუბარი, რა თქმა უნდა იქ პრიოტიტეტი ჩვენ, ქვეყნის ეროვნულ გადამზიდავს უნდა ჰქონდეს და არა სხვა ქვეყნებისას. Lufthansa-ს და Air France-ს ჩვენი დახმარება არ სჭირდება.

ჩვენ და ყველა ვალდებული ვართ, ადგილობრივ ხალხს დავეხმაროთ და დავასაქმოთ და არა ვიდარდოთ უნგრეთის და საფრანგეთის მოქალაქეებზე. 10 ფრენა რამდენად უნდა გავყოთ?და ვის რა ხეირი ექნება აქედან?“-აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

ინფორმაციისთვის, არსებული განრიგის მიხედვით, პანდემიის პერიოდში კომერციულ ჩარტერულ რეისებს მხოლოდ "აირზენა" ახორციელებს და ბილეთის ღირებულება რამდენიმე ასეულ ევროს შეადგენს, რამაც საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმაც თქვა, რომ აირზენას „სუპერ ძვირი ბილეთები“ აქვს. თურნავას ამ განცხადებას გაიაშვილმა უპასუხა, რომ ძვირია ბიზნეს კლასის ბილთები. ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.

რაც შეეხება სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებს, ერთ-ერთი ავიაკომპანია, რომელთანაც მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს, Myway Airlines-ია. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განგვიცხადა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასა და ეკონომიკის მინისტრს შორის უკვე შედგა შეხვედრა და გამოითქვა მზაობა, რომ სუბსიდირებულ ფრენებში მონაწილეობა მათაც მიიღონ.

მიეცემათ თუ არა ე.წ სოციალური ფრენების განხორციელების უფლება არაქართულ ავიაკომპანიებს, ჯერჯერობით უცნობია.