მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლების განმავლობაში აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოყო"

61f040067f1bf
BM.GE
25.01.22 22:15
7807
საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა – ამის შესახებ აშშ–ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

საკმაოდ ვრცელ განცახდებაში კელი დეგნანი საუბრობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე; იმ დახმარებაზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში აშშ–მა საქართველოს გაუწია, ასევე ჩვენი ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღესაც რჩება.

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოყო.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ. დასაწყისში, ამერიკის მხარდაჭერა ძირითადად ჰუმანიტარული სახის იყო და საკვებსა და მედიკამენტებსაც მოიცავდა – ვცდილობდით რა, საქართველოს დახმარებას 1990-იან წლებში მასობრივი დევნილობის გამკლავებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენი დახმარება იმ პრორიტეტების განხორციელებას მოვარგეთ, რომლებიც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა და კოლეგებმა განსაზღვრეს. ჩვენ დავიწყეთ განვითარებისა და ეკონომიკის სფეროს დახმარება საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც არსებითია კეთილდღეობისა და ადამინური ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლებოდა ჩვენი დახმარებაც, რაც ყოველთვის პირდაპირ შესაბამისობაში იყო საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან. ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დამოუკიდებლობის ადრეულ წლებთან შედარებით, საქართველომ განავითარა უნარი და რესურსები ქვეყნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. წლებთან ერთად ჩვენი როლი შეიცვალა და უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, რაც ქართულ ორგანიზაციებთან მათ შორის, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს ძლიერი და წარმატებული საქართველოს საერთო მიზნების მისაღწევად.

მაგალითისთვის, დასაწყისში ამერიკა საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის ელექტროსისტემის აღდგენისკენ მივმართეთ. დღეს, კი, მხარს ვუჭერთ ტექნიკურ რეფორმებს გამჭვირვალე და ეფექტური ენერგობაზრების შექმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ენერგეტიკულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს ენერგოხარჯების შემცირებასა და უფრო საიმედო სისტემის შექმნაში, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ნათლად ჩანს, თუ როგორი დრამატული ცვლილება განიცადა საქართველოს ენერგოსისტემამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და როგორ შეიცვალა ჩვენი დახმარების შინაარსი საქართველოს გაზრდილი შესაძლებლობების საპირწონედ”,– ნათქვამია განცხადებაში.

აქვე საუბარია, რომ აშშ ბევრს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

“ შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთი მიზნების განხორციელებას და ტრანს-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას…

მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ”,– აცხადებს კელი დეგნანი.