მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის ბოლომდე პირველი ლოქდაუნის ვალების გასტუმრებას ვგეგმავდით და მეორემ მოგვისწრო"

5fbfb66067d88
ინგა მურუსიძე
26.11.20 18:17
1533
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ობიექტები იხურება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ობიექტები გაიხსნება, თუმცა შემდეგ ისევ დაიხურება.

„ლილო მოლის“ დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ უკვე იწყება მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან, სასესხო ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით. 

„როცა მოხდა პირველი, სრული ლოქდაუნი, მაშინ შოკი მივიღეთ და სერიოზული ზიანი მოგვადგა. ასევე ვისწავლეთ რაღაცეები, თუმცა ძალიან ბევრი ვალი დაგვიგროვდა, რომლის გასტუმრებასაც წლის ბოლომდე ვაპირებდით. მაგრამ მოგვისწრო შეზღუდვების მეორე ტალღამ. ნებისმიერი შეზღუდვა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და დაღს ასვამს ბიზნესს. ხელახლა მოგვიწევს სესხების გადავადება, ვალების გადავადება და ვნახავთ რას მივიღებთ, როგორ მივიღებთ. დღეს დავიწყეთ მზადება ახალი რეგულაციების გამკლავებისთვის და სავარაუდოდ, გადავლახავთ ამასაც. უფრო რთული პერიოდებიც გადაგვილახავს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ახლა სავაჭრო ბიზნესი ყველაზე მეტ დახმარებას გადასახადების კუთხით საჭიროებს და ეს უკვე პრემიერმაც იცის.

„ყველა საიჯარო ხელშერულების მქონე პირისთვის, ჩვენი მსგავსი ორგანიზაციებისთვის, დღგ-ს დარიცხვის მეთოდის ნაცვლად საკასო მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ დღგ-ს გადასახადის განსაზღვრა მოხდება მხოლოდ ფაქტობრივი შემოსავლისგან. ამ თვეებში გაგვიჭირდება რამის მიღება და შეიძლება ვერაფერი მივიღოთ და რასაც მივიღებთ იმით დავიბეგროთ. ეს ერთი ითქვა და მეორე, იანვრიდან მუშაობა გაგრძელდება და ეს კარგია. არის შეღავათები, თუმცა ვნახოთ, მთავარია, ამ ორთვიანი პროექტით წინ წავიდეთ“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ფასი არაფერია, ამიტომ ბიზნესი ამ პერიოდს გაგებით ეკიდება.

კვარაცხელია განმარტავს, რომ დანაკლისი იქნება ის ყოველთვიური შემოსავალი, რაც შპს-ს ჰქონდა, ხარჯი რჩება, ხოლო შემოსავალი არ იქნება. „ალბათ ნულზე გავალთ“ - ამბობს კვარაცხელია.