24.მარტი .2020 19:00

"წლის ბოლომდე საკმაოდ მძიმე ფონი იქნება" - ჩოჩელი ბიზნესზე კორონავირუსის გავლენას აფასებს

views 633
უკან

სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი BM.GE-სთან კორონავირუსის გავლენით მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილ მდგომაროებას აფასებს და თვლის, რომ კერძო სექტორი საქართველოში არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა.

ბიზნესმენი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს - გაუფასურებული ვალუტის კურსი, შემცირებული ტურიზმი, შემცირებული საგარეო ვაჭრობა, კონკრეტულად კი ექსპორტი და შემცირებული ინვესტიციები. 

"გლობალურად რომ შევხედოთ არსებულ ვითარებას, საქართველოში შემოსავლები რამდენიმე მიმართულებიდან შემოდიოდა - ეს იყო ტურიზმიდან შემოსავალი. გასულ წელს იყო 9 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი, წელს კარგ ვარიანტში შეიძლება იყოს ამის ნახევარი. შესაბამისად, ის ფინანსური შემოსავალი, რაც ამ მიმართულებიდან შემოდიოდა არ შემოვა; მეორე - ეს იყო უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, პირიქით ქვეყანაში დაბრუნდებიან და ასე ვთქვათ - საარსებო სახსრების გარეშე დარჩებიან; მესამე - ეს იყო ინვესტიციები, რომლის ერთადერთი რესურსი ახლა ის არის, რომ სახელმწიფომ მოიზიდოს ფინანსური ინსტიტუტებიდან, დანარჩენი დიდი ინვესტიციები ამ კრიზისულ პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა; ასევე ჩვენს სამეზობლოში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა, მეტნაკლებად პრობლემებია და შესაბამისად, ეს ექსპორტზე იქონიებს აუცილებლად გავლენას. ასე რომ, ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დაბალი იქნება - კარგ შემთხვევაში განახევრდება. რამ უნდა მოგვცეს იმის საფუძველი, რომ ლარის სტაბილურობა შევინარჩუნოთ?! ლარის სტაბილურობა პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე და ჩვეულებრივი ადამიანების კეთილდღეობაზე, აქედან გამომდინარე, იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ კრიზისს ვერ გაუძლებენ", -  ამბობს ბიზნესმენი, თუმცა მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს დაძლევს და ზრდის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა