მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წმინდა ექსპორტი სწრაფად იმ ქვეყნებში იზრდება, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს"

5e3ed84e4ac35
BM.GE
08.02.20 19:48
1754
„2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წმინდა ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა. ამ მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი წმინდა ექსპორტის უდიდეს ნაწილს იმ ქვეყნებში ვახორციელებთ, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც თავის დროზე მივიღეთ, სწორი იყო,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.

მინისტრის მოადგილემ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რამდენად გაიზარდა საქართველოს წმინდა ექსპორტი სხვადასხვა ბაზრებზე მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმდა. გენადი არველაძის განცხადებით, 2014 წელს ჩინეთში საქართველოს წმინდა ექსპორტი 1,2 პროცენტს შეადგენდა, რომელიც 2019 წელს 8.8 პროცენტამდე გაიზრდა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს წმინდა ექსპორტი 2014 წელს 22 პროცენტიდან 2019 წელს 31 პროცენტამდე მოიმატა.