მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Wolt-მა და Glovo-მ ახალგაზრდებს იოლი ფულის შოვნის საშუალება მისცა" - რით ხსნიან რესტორნები კადრების დეფიციტს?

62db03a25c333
ალა ისპირიანი
23.07.22 00:35
9840
გასული ორი პანდემიური წლის შემდეგ ბევრი კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კადრების დეფიციტია. რესტორნები აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორისაა შრომის ბაზარზე კონკურენცია. რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელმა ზვიად ქურასბედიანმა გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, რომ მაგალითად Wolt-მა და Glovo-მ ახალგაზრდებს უფრო იოლი ფულის შოვნის საშუალება მისცა.

„კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პანდემია, რადგან დარგი სრულიად გაჩერებული იყო. რესტორნების და სასტუმროების ნაწილმა შევძელით კადრების ნაწილი კერძო სესხებით და ბანკის სესხებით შეგვენარჩუნებინა. ზოგმა სხვა სამსახური იშოვნა, ზოგმა შეიძლება ვერც იპოვა. მაგალითად, Wolt-მა და Glovo-მ ახალგაზრდებს უფრო იოლი ფულის შოვნის საშუალება მისცა. ნაკლებად მარტივი შრომა სჭირდებათ. ზოგმა საერთოდ ნირი შეიცვალა", - განაცხადა მან.

კადრების დეფიციტზე ასევე, რესტორან „სოფიკოშიც“ საუბრობენ, როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი ირაკლი ჭელიძე "ანალიტიკაში" ამბობს, ვაკანსიები აქვთ, თუმცა დასაქმების მსურველი არავინაა. ის აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად კადრების სხვა კომპანიებში გადასვლას ასახელებს, მაგალითად, როგორიცაა Glovo, Wolt-ი და Bolt-ი.

„პანდემიამდე მსგავსი პრობლემა არასოდეს გვქონია. ხელფასის პრობლემა კი ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ნაკლებია. ჩვენ თანამშრომლებს აქვთ ნორმალური და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებები, თუმცა გარკვეულ ადგილებზე, სადაც ვაკანსიებს ვდებთ პანდემიის შემდეგ ფიზიკურად არავინ გვეკონტაქტება. არავინ არაა დაინტერესებული რომ იმუშაოს.

ისეთი სიტუაცია რომ იყოს, რომ ადამიანმა გვითხრას ხელფასი ან გრაფიკი არ მოსწონს მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ფიზიკურად კონტაქტზე არავინ გამოდის. ვაკანსიებს ვდებთ, მაგრამ დაინტერესება არ არის. ამის ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ ეს ადამიანები წავიდნენ იმ სამსახურებში, როგორიცაა Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, გახდნენ კურიერები და ამავე ანაზღაურებას იქ იღებენ. ამის მეორე ახსნა ისაა, რომ ქვეყნიდან ძალიან ბევრი პროფესიონალი გავიდა“, - ამბობს ირაკლი ჭელიძე.