27.ივნისი .2020 19:40

"ხანდახან სურვილიც გეკარგება - აწარმოო, როცა გეუბნებიან, რომ უნდა წახვიდე" - ჩირინა

views 904
უკან

„ჩირინას“ დამფუძნებლის რეზო ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოში საინვესტიციო კლიმატი არც ისე კარგია, რაც მას ბიზნესის კეთებაში აფერხებს. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks განაცხადა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ გეგმაში ფერმის გაფართოება და ქათამთან ერთად ინდაურის ხორცის წარმოებაც ჰქონდა, რასაც მომავალი წლიდან ნაწილობრივად დაიწყებს. გაფართოების გადავადების მიზეზად კი რევაზ ვაშაკიძე ბიზნესის კეთების პროცესში შექმნილ პრობლემებს ასახელებს, ისეთი როგორიც არის, მაგალითად ელექტროენერგიის ხარისხი.

„გეგმაში მქონდა ქათმის და ინდაურის წარმოების დაწყება საქართველოში და ქათმის წარმოების მოცულობების გაზრდა. შემდეგი წლიდან ჩვენ 25 000 ტონა ქათმის წარმოებას შევძლებთ. თუმცა, საქართველოში საინვესტიციო კლიმატი არც ისე კარგია, მაფერხებს.

პირველი, რაც მაფერხებს და საოცარი იყო ჩვენთვის - დენის ხარისხი საქართველოში არ ვარგა. ტრანსფორმატორების, გენერატორების, სტაბილიზატორების დამატება გვიწევს, რომ დენი ხარისხიანი იყოს. მაგალითად ახლა ელექტრომოხმარება შემცირებულია და ამას წინათ ღამე ისეთი დენი მოვიდა, რომ დაახლოებით 17 სტაბილიზატორი ანუ ნახევარი მილიონი დოლარი დაიწვა“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს ასევე „ჩირინას“ სარეალიზაციო ჯიხურების საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში გადაუწყვეტ პრობლემად რჩება.

„რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენი ტრენდია, რომ ვაწარმოოთ ნედლი ქათამი და ის ასეთ მდგომარეობაში გაიყიდოს. ქალაქში გვქონდა ჯიხურები და თბილისის მერიასთან დღემდე ჩამოკიდებულები ვართ. დღემდე ფულს ვიხდით ჯიხურების განთავსებაზე, მაგრამ 5 წლით რომ გავაფორმოთ და წყნარად ვიყოთ, ასეთი რამ არ ხდება“, - ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ჯიხურების განთავსების საკითხში თავდაპირველად თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დაეხმარა.

„2013 წელს რომ შემოვედით ბაზარზე, ქალაქის მერი ნარმანია იყო და მადლობა მინდა გადავუხადო, მან შეგვიწყო ჯიხურების საკითხში ხელი, მერე ის რომ წავიდა, ახლა ესენი იძახიან, იქ არ გინდაო, აქ არ გინდაო. ხანდახან სურვილიც გეკარგება, რომ აწარმოო ეს ქათამი, იმიტომ რომ თბილისი არის ჩვენი გაყიდვების ნახევარზე მეტი და როცა თბილისიდან გეუბნებიან - წადიო სადაც არ არის ეს კარგი“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა