მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასი გადასახადების ჩათვლით უნდა ჩაგვერიცხოს და მერე ჩამოგვეჭრას, რათა მივხვდეთ, რომ ბიუჯეტი ჩვენია"

60ccea3763ffb
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 00:06
36658
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობაში არ არის იმის აღქმა, რომ სახელმწიფოს ფული მათი ფულია. როგორც მან „საქმიან დილაში“ ისაუბრა, საზოგადოებაში საგადასახადო კულტურა და ცნობიერება არ არსებობს.

„ბიუჯეტის ფული არის ხალხის ფული. გადასახადების გადამხდელების ფული, უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ჩვენ დავიქირავეთ და ავირჩიეთ იმისთვის, რომ ეს ფული განკარგონ. ამიტომაც არასწორი წინადადებაა, როდესაც ვამბობთ, პრემიერი ან მთავრობა ხალხს დაეხმარაო. ისე გამოდის, რომ თითქოს პირადი რესურსით ეხმარება. საბიუჯეტო სახსრები მთლიანად არის ჩვენი, უბრალოდ ამის აღქმა არ არსებობს. სახელმწიფოს შეუძლია, რომ ამის აღქმა გააჩინოს. ცნობიერება და საგადასახადო კულტურა არ გვაქვს. ისტორიულადაც გადასახადები ჩვენთვის ცალსახად ცუდი იყო, დამპყრობლები გვართმევდნენ გადასახადს და ა.შ.

დღეს ადამიანებს რომ შეეკითხოთ, ხელფასი რამდენი გაქვსო, 99% გეტყვის იმას, რამდენიც ხელზე ასაღები აქვს“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებს ხელფასი ჩაერიცხოთ გადასახადების ჩათვლით და შემდეგ ჩამოეჭრათ, რათა გააცნობიერონ, რომ მათ ხელფასის ნაწილს სახელმწიფო „ართმევს“.

„ხალხს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ რეალურად იხდიან გადასახადებს. SMS რომ მოგდის რომ 1000 ლარი ჩაგერიცხა, მაგის მაგივრად უნდა მოგდიოდეს, რომ 1250 ჩაგერიცხა, და იქიდან 250 სახელმწიფომ წაიღო. ამის შემდეგ უკვე მოსთხოვ სახელმწიფოს.

რეალურად, ასე რომ დაწესდეს, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. სახელმწიფომ რომ ხალხს აუხსნას და გააცნობიერებინოს, რომ ეს ფული, რომელსაც ისინი განკარგავენ, არის ხალხის ფული, შემდეგ იმას ვეღარ ეტყვიან, რომ დაგეხმარე“, - აღნიშნა მან.