მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხომლის მარნის" 1 ბოთლი ცოლიკაური 900 ფუნტად იყიდება - ლეჩხუმური ღვინის გზა წყალტუბოდან ლონდონამდე

62b5d7c133dd9
ანუკა ჯოხაძე
26.06.22 10:00
3933
ცოლიკაურისა და უსახელაურის ყურძნის ჯიშები ყოველი რთველის დასრულების შემდეგ გზას ლეჩხუმის მიკროზონიდან წყალტუბომდე გადის. ლეჩხუმში მოყვანილი ადგილობრივი ყურძნის ჯიშები წყალტუბოში, მარანში იწურება და ბოთლებში "ხომლის მარნის" ეტიკეტით ისხმება. ამ ყველაფრის შემოქმედი თამაზ ომანაძეა, მეღვინე, რომელმაც შეძლო და საქართველოში წარმოებული ღვინო 900 ფუნტად ლონდონში გაყიდა.



"ხომლის მარნის" ღვინო ბუკინგემის სასახლესთან არსებულ ერთ-ერთ ცნობილ ბუტიკ “hedonism wine”-ში იყიდება, თუმცა იქამდე სანამ ღვინო ლონდონში მოხვდებოდა, მან გრძელი გზა გაიარა.

“ლონდონში, ასეთი ღვინის ბუტიკი არის სახელწოდებით hedonism, სადაც მოხვდა ჩვენი ღვინო. მათ თვითონ მომაგნეს, წაიღეს ღვინო. როგორც ჩვენმა ცოლიკაურმა, ისე უსახელაურმა გაიარა უმკაცრესი დეგუსტაცია, ძალიან მაღალი დონის. აი ამ დეგუსტაციის გავლა ღვინისთვის ჩავთვალოთ, რომ არის ყველაზე დიდი შეფასება.

თვითონ ამ მაღაზიის სომელიებმა შეაფასეს ეს ღვინო და უსახელაურის 1 ბოთლს 900 ფუნტი დაედო ფასად ღვინოს მაღაზიაში და საიტზე, ხოლო ცოლიკაური 500 ფუნტი ღირს. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღიარება.”-ამბობს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.


ხომლის მარანში წარმოებული ყველა პროდუქტი ბიო სერტიფიცირებულია. თამაზ ომანაძე გვიყვება, რომ ბიო სერტიფიცირება ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და ლეჩხუმში სხვა მეღვინეებისთვისაც მაგალითი გახდა.

ამ პროცესში გამოწვევებსაც ხედავს და აღირებს, რომ ამ გზის გავლა მარტივია არაა. თუნდაც იმიტომ, რომ პროდუქციის ბიო სერტიფიცირება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც ყველა მეღვინეს არ აქვს. თუმცა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, "ხომლის მარნის" ღვინის 2-წლიანი ბიო სერტიფიცირება სრულად ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელდა.

“ძალიან კარგი პროგრამა გამოჩნდა, 4-წლიანი. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, პროექტი GRETA, რომელმაც შემოიტანა ახალი დაინტერესება, რომ მომავალი ბიო პროდუქციას აქვს. მე როგორც მეღვინეს და ამ პროგრამის ბენეფიციარს, დიდი დახმარება გამიწიეს.

პირველი - ჩამოსასხმელი დანადგარების შეძენით, ასევე დამიფინანსეს 2 წლის მანძილზე ბიო სერტიფიცირება და პლუს ამას გერმანიაში, გამოფენაზე ყველა ხარჯი აანაზღაურეს.”-აცხადებს თამაზ ომანაძე.

"ხომლის მარნის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით ჯერ ისეთი მაღალი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მისი თქმით, ამ კუთხით ნაბიჯები წინ იდგმება, რაშიც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და მარკეტინგულ აქტივობებს დიდი როლი აქვს.



“ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადგომით სამ გამოფენაზე წასვლაა კიდევ გეგმაში, სადაც ბიო პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ეს აქტივობები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ასევე, ეს პროგრამა ფარავს და გვერდში გვიდგას.

ციფრული მარკეტინგის ექსპერტებიც გვიკავშირდებიან, მათ მიერ დაქირავებული, ამაშიც დიდი თანხები იხარჯება",-ამბობს ხომლის მარნის დამფუძნებელი.

თამაზ ომანაძე ამბობს, რომ მომავალში მარნის წარმადობა დიდი მოცულობებით არ გაიზრდება და იქნება მცირე, თუმცა მისი თქმით, მთავარი აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე გაკეთდება. "ხომლის მარნის" მოკლევადიან გეგმებს შორისაა ლეჩხუმში მარნის გახსნაც.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.