მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირ შემთხვევაში გახარიას თავისუფლება შეზღუდული იყო" -"დიოს" დამფუძნებელი

602e4c73ac3ec
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 09:00
923
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომას აფასებს და მიიჩნევს, რომ დღეს პირველ რიგში პოლიტიკური მდგომარეობაა მოსაწესრიგებელი, ხოლო შემდეგ პანდემიური და ეკონომიკური.

BM.GE-სთან საუბრისას თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ გახარიას წასვლამ ბიზნესშიც გააჩინა კითხვები და გაჩნდა შიშები, რადგან მდგომარეობა არაპროგნოზირებადია.

„მას თითქმის 2 წელი ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა და მაქსიმუმი გააკეთა, რომ კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ბევრი რამის სხვანაირად გაკეთება, მაგრამ ახლა რეალობა ასეთია. ბიზნესი ფიქრობს, ვინ იქნება ახალი მთავრობა, რა შემადგენლობით, რანაირად მოახერხებენ ისინი ამ სიტუაციიდან გამოსვლას. პირველი რიგში პოლიტიკური სიტუაციაა მოსაგვარებელი და შემდეგ აუცილებელია მივხედოთ ეკონომიკას და პანდემიას, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ჯერ ვაქცინაც არ ვიცით, როდის შემოვა, ეკონომიკა როგორ აღდგება, გაიხსნება და ეს გახსნა რა შედეგს მოგვიტანს, მესამე ტალღა ხომ არ დაიწყება?.. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, მათ შორის ბიზნესსაც. ჩვენ ხალხთან ერთად წარმოვადგენთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან დოვლათს, ბიუჯეტს ავსებენ და კარგად ვგრძნობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგებს, მოლოდინი მაქვს, რომ სიტუაცია განიმუხტება. რაღაც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში და მივიღოთ ახალი რეალობა, რომ ყველას ჰქონდეს განცდა - ეს ქვეყანა არა ერთის, არამედ ყველასია“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

„დიოს“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებები არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა და ხშირ შემთხვევაში მისი თავისუფლება შეზღუდული იყო.

„მის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა და ბევრი რამ მართებულადაც გაკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკამ გადაფარა ეკონომიკა, რაც არასახარბიელოა. ბევრი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა ეკონომიკური გამოწვევებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით. ამას ყველა გრძნობდა, რომ ყველა გადაწყვეტილება იზომებოდა პოლიტიკური პრიზმიდან და არა ეკონომიკური და ბიზნესის განვითარების კუთხით. ვფიქრობ, მისი თავისუფლება ამ კუთხით შეზღუდული იყო. ხვალ და ზეგ ის უფრო თავისუფლად ისაუბრებს და ძალიან საინტერესოა, მისი დამოკიდებულება მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. კრიზისი ძალიან სერიოზული იყო და მან ძალიან ბევრი გაბედული ნაბიჯი გადადგა. შეიძლებოდა, მდგომარეობა კიდევ დამძიმებულიყო, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ეკონომიკა დგას და ვითარდება, ახლა მთავარია მომავალი და არა წარსული“, - აღნიშნა კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.