მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირად ისმის კითხვა - იღუპებიან თუ არა „ომიკრონით“ ადამიანები" - გამყრელიძის განმარტება

61f90e0ad320e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.22 14:45
1689
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, ავადობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობის შემთხვევები არ ფიქსირდება, მცდარია, რადგან „ომიკრონით“ ინფიცირების მიმდინარეობა, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკის ხალხში მძიმდება და ლეტალობის შემთხვევებიც ფიქსირდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევებიდან რამდენი ადამიანი დამძიმდა და რამდენი გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეისთვის 90-95%-ით „ომიკრონი“ ცირკულირებს და შესაბამისად, ინფიცირების დამძიმებისა და ლეტალობის შედეგებიც ბევრად მეტია.

ხშირად ისმის კითხვა - იღუპებიან თუ არა „ომიკრონით“ ადამიანები. მოარული ინფორმაცია არის, რომ „ომიკრონი“ ძალიან მსუბუქია და ამას ფეხზე გადავიტანთ და არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. „ომიკრონი“ ხანდაზმულ ასაკში გართულებებს იწვევს, შედარებით ნაკლებს, ვიდრე ეს „დელტასთან“ მიმართებით გვქონდა, თუმცა „ომიკრონით“ როგორც გართულების ასევე ფატალური შემთხვევები გვაქვს. ჩვენთან გაანალიზებულია ის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ყველა დადებით შემთხვევაში, რაც ქვეყანაშია, 90-95%-მდე უკვე "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს. გაანალიზებული გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 1 754 ომიკრონის შემთხვევა, როგორც გენეტიკური სეკვენირებით, ისე სპეციალური პისიარ ტესტებით, აქედან შესწავლილია დეტალურად 1 184 შემთხვევა, საიდანაც დაახლოებით, 50% ორჯერ ვაქცინირებული იყო, 14%-ში კი რეინფიცირება გვაქვს.

1 184 შემთხვევიდან 38-ში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია, ეს 3.7%-ია ანუ ჰოსპიტალიზაცია „დელტასთან“ შედარებით სერიოზულად დაკლებულია, მაშინ ჰოსპიტალიზაცია - 12-15-20% იყო. ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1 184 შემთხვევიდან  გარდაცვალების 3 შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში ან იანვრის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან დღეს ძირითადად „ომიკრონი“ ცირკულირებს გართულებაც და ლეტალობაც მაღალია, მაგრამ ის 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს დელტას შემთხვევაში იყო“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებულ პირებს აცრისკენ და ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, დადასტურებული 1 184 შემთხვევიდან 50% ორჯერადად აცრილი იყო, მაგრამ ვისაც ბუსტერი ჰქონდა გაკეთებული, მხოლოდ 50 შემთხვევაში განვითარდა ინფექცია. ანუ ბუსტერიზებულებში ინფექცია უფრო იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად. დღეს ბუსტერიზაცია „ომიკრონთან“ და მთლიანად პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახლავთ. მოვუწოდებ მოსახლეობას,აიცრან და გაიკეთონ ბუსტერი. ეს გზავნილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში სადაც მეტი გართულებაა და სიკვდილიანობაზე 6% მოდის“, - თქვა გამყრელიძემ.