მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია... სოფელი გაზიფიცირებული არაა" - რა გამოწვევები აქვს ტურიზმს ამბროლაურში?

643cf07730a71
მარიამ იზორია
18.04.23 10:00
675
ამბროლაურის რაიონში მდებარე სასტუმროები არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. მაგალითად, სოფელ კრიხში მდებარე სასტუმრო "რივერსაიდი" გასული ზაფხულის და შემდგომ უკვე ზამთრის პერიოდში მაღალი დატვირთვით მუშაობდა, თუმცა გამოწვევები აქაც ბევრი იყო.

სოფელი კრიხი ამბროლაურიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში მდებარეობს, ამის მიუხედავად, კი სოფელს ინტერნეტის და ელექტრომომარაგების პრობლემა აქვს. როგორც სასტუმროს მენეჯერი bm.ge-სთან ჰყვება, სოფელი არც გაზიფიცირებულია და ბუნებრივი აირის არქონა ტურისტების განწყობაზე აისახება. მისივე თქმით, სოფელი კრიხი გაზიფიცირების პროექტში წელს უნდა ჩაისვას, თუმცა მაგალითად გასულ წელს ამ პროგრამაში ჩასმული სხვა სოფლები ამდრომდე გაზიფიცირებას ელოდებიან.

“ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია, რაც წყლის და გათბობის პრობლემას გვიქმნიდა. სოფელი, არც გაზიფიცირებულია, ამიტომ ბუნებრივი აირის არქონაც გამოწვევაა. ამაზე საუბარი გვქონდა და გვითხრეს, რომ გაზიფიცირების წლევანდელ პროექტში სოფელი კრიხიც ჩაისმება, ჩემი სოფელი გასულ წელს ჩაისვა პროექტში, თუმცა ბუნებრივი აირი, არც ახლა მაქვს. სოფელ კრიხს კი ალბათ 2-3 წელი დასჭირდება გაზიფიცირებისთვის”, - ამბობს ქეთი აბუთიძე.

პრობლემების მიუხედავად, აღსანიშნავია, ისიც რომ ტურისტული ობიექტების რაოდენობა ამბროლაურში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ადგილობრივი ბიზნესები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტის - “სადმელის მარნის” დამფუძნებელი ამბობს, რომ რაჭის პოტენციალის სრულად ათვისება ვერ ხერხდება და ამისთვის სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. პოტენციალის სრულად ათვისებაში კი მაგალითად კურორტი შოვის დატვირთვა, სათხილამურო ტრასების მოწყობა იგულისხმება, რაც ტურისტებში რაჭის მიმართ ინტერესს გაზრდის.

“რაჭის ტურიზმზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტურისტული ობიექტების ნაკლებობაა, არა მარტო ჩამოსული სტუმრებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. განთავსების პრობლემაა, განსაკუთრებით სეზონზე, ფესტივალების მიმდინარეობისას. პრობლემურია ტურისტების გადაადგილებაც.

ვფიქრობ, აუცილებელია რაჭის პოტენციალის სრულად ათვისება. მაგალითად, უნდა დაიტვირთოს დიდი კურორტები, გაკეთდეს სათხილამურო ტრასები, რაც სტუმარს აქ დასვენების შესაძლებლობას, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე მისცემს” - ამბობს “სადმელის მარნის” თანადამფუძნებელი თათია ბიჭაშვილი.