მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირია პირბადეების გარეშე გადაადგილების შემთხვევები" – როგორ აკონტროლებს მერია მგზავრთა ნაკადებს

5faac6eb9c7f5
BM.GE
10.11.20 20:56
981
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში - ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

„ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გააკონტროლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღნიშნული რეგულაციების დაცვის პროცესი. ყველაზე დატვირთულ ადგილებში მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადების მართვა, შესაბამისად, თქვენ შეგხვდებათ ე.წ. რიგის ბარიერები, რომელიც მგზავრთა რიგის მართვისა და კონკრეტულ სადგურებში ადამიანების დიდი რაოდენობით კონცენტრაციისგან პრევენციის საშუალებას გვაძლევს.

ამასთან, ხშირია, ავტობუსებში ადამიანების პირბადეების გარეშე გადაადგილების შემთხვევები, რის გამოც მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანების გაფრთხილება და დაჯარიმება უწევთ. ამავე მიზეზით ავტობუსებიც აგვიანებენ გასვლას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილი წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.