მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვანჭკარის ღვინის მარანის" რესტორანი და შოურუმი, განუსაზღვრელი ვადით დაიხურა

5efb3afb2499b
BM.GE
01.07.20 09:00
1590
"არ ვიცით როდის აღდგება ტურისტების მიმოსვლა ქვეყანაში, ამიტომ თავს ვიკავებს "ხვანჭკარის ღვინის მარანის" რესტორნისა და შოურუმის გახსნისგან, რომელიც თბილისში მდებარეობს", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" , Forbes Georgia-ს 30under30-ის სიის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა და "ხვანჭკარის ღვინის მარანის" დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც საქართველო საერთაშორისო საზღვრებს გახსნის.

"შოურუმში ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ქართულ სამზარეულოს და ღვინოს. თავად იდეა, რომ მსგავსი სერვისი შეგვეთავაზებინა ადამიანებისთვის, ტურისტებისგან წამოვიდა. მათ სურდათ ენახათ, თუ სად მზადდება ღვინო, რა პროცესებს გადის და სად ინახება, მაგრამ სურვილის მიუხედავად, არ ჰქონდათ დრო, ჩვენს ქარხანაში ჩამოსვლის, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს. ამიტომ იგივე სერვისი და მომსახურება თბილისში ჩამოვიტანეთ და პანდემიამდე ვმასპინძლობდით სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან უმეტესად იყვნენ ფრანგები, პოლონელები, ჩეხები. ასევე ჩამოდიოდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: რუსები, უკრაინელები, რომლებსაც სმენიათ საუკუნოვანი მარნის შესახებ და საკუთარი თვალით უნდოდათ ენახათ. ამიტომ ორიენტირებულები ძირითადად ვართ საერთაშორისო ტურისტებზე, შესაბამისად პოსტპანდემიურ ვითარებაში, ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, მუშაობის განახლებას აზრი ეკარგება", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

მისი თქმით, ტურისტები ეხმაურებიან, თუმცა ყველა ელოდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. რაც შეეხება ღვინოს, ჭანტურიას განმარტებით, გაყიდვების 70% შიდა ბაზარზე, ხოლო 30% ექსპორტზე მოდიოდა, პანდემიის დროს კი ეს რიცხვები მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქარხანაში არც წარმოება და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეუჩერებიათ. სამომავლოდ კი, გეგმავენ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას, რაც რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.