მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყალბი აქციზით სიგარეტი ნამდვილად არ იყიდება" - კაკაურიძის პასუხი ვაშაძეს

60c742878ec57
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.21 16:25
967
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებას უპასუხა. მან სიცრუე უწოდა ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - “ბრითიშ ამერიქან ტობაკო” და “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” ყალბი აქციზური მარკებით ყიდიან პროდუქციას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2016-2020 წლებში სიგარეტის მომხმარებლის რაოდენობა მხოლოდ 3%-ით შემცირდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზების რაოდენობაში გაცილებით უფრო მკვეთრი შემცირება შეიმჩნევა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი განმარტავს, რომ 2016 წელს მოსახლეობის 31% იყო თამბაქოს მომხმარებელი, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 28%-მდე შემცირდა. ეს კლება მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით არის 3 პროცენტული პუნქტით შემცირება, თუმცა უშუალოდ მწეველთა შორის ეს კლება 10%-იან შემცირებას ნიშნავს.

“რაც შეეხება თქვენ გამოსვლას, თუ რატომ ვითვლით 3%-ს და რატომ არ ითვლით 10%-ს, მე მართლა ვერ გავიგე. ვხვდები, რომ ვერ ვიკადრებ იმავეს თქმას, რაც თქვენ ერთი ორჯერ მაკადრეთ. არასწორად ავრცელებთ ინფორმაციას. თამბაქოს მომხმარებლის რაოდენობა 31%-დან ჩამოვიდა 28%-მდე. მოსახლეობის 31% არის 1.15 მილიონი ადამიანი, ხოლო შემცირდა, მოსახლეობის 28%-მდე ანუ 1.02 მილიონ ადამიანამდე. დათვალეთ ეს შემცირება რამდენი პროცენტია დათვალეთ 3% თუ 10%? მე მგონი, თვლა არ გეშლებათ და კალკულატორიც გაქვთ რომ დათვალოთ.

1.15 მლნ ადამიანი იყო მწეველი თუკი აიღებთ, რომ მოსახლეობის 31% ეწეოდა, ხოლო 1.02 მილიონი ადამიანია მწეველი თუ მოსახლეობის 28%-ს აიღებთ. მათ შორის სხვაობა არის არა 3% არამედ - 10%. სხვანაირი მათემატიკა არ არსებობს და შეგიძლიათ დათვალოთ ბატონო გიორგი. 3% არის კლება მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით უშუალოდ მწეველებში არის 10% კლება.

თქვენი მხრიდან იყო პირდაპირი ბრალდება გაკეთებული კომპანიების მიმართ. ამ ბრალდებას ალბათ მე არ უნდა ვუპასუხო, ადრესატი ჰყავს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ პროკურატურაშიც უჩივლოთ ამ კომპანიებს და განაცხადოთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ გეტყვით, რომ აქციზური მარკები, რა თქმა უნდა, მოწმდება შემოსავლების სამსახურის მიერ. ის რომ კონკრეტული ბრენდის სიგარეტი, რაც დაასახელეთ, ქვეყანაში ყალბი აქციზით იყიდება, ეს ნამდვილად არ ხდება. ვიღაცამ შეიძლება ყალბი აქციზი დაბეჭდოს, მაგრამ კომპანიები, რომლებიც  თამბაქოს ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორები არიან, მსგავს რამეს არ აკეთებენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება:

“მე 3% იმიტომ დაგითვალეთ მწველთა რაოდენობის შემცირება, რომ გითვლით თამბაქოს იმ მოხმარებიდან რაც იყო და არა მთელი მოსახლეობიდან. მე გეუბნებით, რომ 464 მილიონი კოლოფი სიგარეტი იყიდებოდა [2016 წელს], 2020 წელს კი გაიყიდა 278 მილიონი კოლოფი სიგარეტი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სულ რომ იძახოთ, რომ ადამიანები აღარ ეწევიან და “ბიჩოკებს” დასდევენ, მაინც არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. უნდა დაკლებულიყო 3%-ით. მე ვსაუბრობ მწეველთა რაოდენობაზე და არა მთლიან მოსახლეობაზე. თქვენ გადამითვალეთ მწეველთა რაოდენობის კლება მთლიან მოსახლეობაში და არა მწეველებიდან. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება ეს ინფორმაცია - რამდენი აქციზური მარკა გადის და რა შემოსავალი შემოვიდა წლიდან წლამდე აქციზიდან ბიუჯეტში. მეორე მხრივ, ეს მონაცემები ეფუძნება NCDC-ის კვლევას, რომ მწეველი იყო მოსახლეობის 31%, ეწევა 32%. ანუ მწეველებიდან 3%-ით მოხდა კლება. მეტი ხომ ვერ მოხდებოდა კლება? ვინც ეწეოდა, იმათ 3% დააკლდა. ეწეოდნენ 464 მილიონ კოლოფს, გასულ წელს მოწიეს 278 მილიონი კოლოფი. 40%-ით ნაკლები ანუ 3%-ით ნაკლები უნდა ყოფილიყო, მაგრამ 40%-ით ნაკლები მოწიეს. გაიზარდა გადასახადი 0.75-დან 1.70-მდე, ერთი ლარით გაიზარდა უხეშად რომ ვთქვათ აქციზი. ამის ზემოდან გაიზარდა ადვალური გადასახადი ანუ ადვალური 5%-დან გახდა 30%, შესაბამისად, თითოეული კოლოფის ღირებულებიდან 30% შედის ბიუჯეტში. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ 3% კი არ დააკლდა ბიუჯეტს გაცემული აქციზების შემოსავალში, დააკლდა 40%. სად წავიდა ეს ამდენი ფული? მე პირდაპირ დავადებ ხელს და ვიტყვი, რომ “ფილიპ მორისიც” და “ბრითიშ ამერიქან ტობაკოც” ყალბი აქციზებით ყიდიან სიგარეტს და ეს არის შეთანხმებული ფინანსთა სამინისტროსთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

NCDC-ის კვლევები და ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა:

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში მთლიანი მოსახლეობის 31% იყო თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელი. 2020 წელს ჩატარებული კვლევით, მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 28.2%-ს შეადგენდა, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით შემცირებას წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ თამბაქოს მომხმარებელს შორის ეს 9%-იან შემცირებას ნიშნავს. შესაბამისად, NCDC-ის სტატისტიკის მიხედვით, 2016-2020 წლებში საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა. ამასთანავე, NCDC-ის კვლევა მეტყველებს იმაზეც, რომ შემცირებულია ერთი მწეველის მიერ საშუალოდ დღის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის ღერების რაოდენობაც. თუკი 2016 წელს ეს დღეში 21.4 ღერი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 18.6 ღერამდე შემცირდა, რაც 13%-იან კლებას წარმოადენს. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში 9%-ით უფრო ნაკლები მწეველია, ვიდრე 2016 წელს იყო და ეს ადამიანები ყოველდღიურად ეწევიან 13%-ით ნაკლებ სიგარეტის ღერს, ვიდრე წარსულში ეწეოდნენ. 

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზური მარკების მოცულობას, ის უკანასკნელი წლების განმავლობაში შემცირების ტრენდს აჩვენებს. მაგალითად, 2016 წელს ფინანსთა სამინისტრომ თამბაქოს ინდუსტრიაზე გასცა 465 მილიონი აქციზური მარკა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 14.6%-ით 397 მილიონ მარკამდე შემცირდა. ეს კლება სხვა ფაქტორებთან ერთად შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო კომპანიების მხრიდან წინასწარ მარაგების შექმნით, რადგანაც 2017 წლის იანვრიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის აქციზი გაიზარდა, რის გამოც კომპანიებმა, სავარაუდოდ, წინასწარ მარაგები შეიქმნეს. აქციზი გაიზარდა 2019 წელსაც, თანაც 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადიც. ცვლილებამდე უფილტრო სიგარეტის მარკა 60 თეთრი, ფილტრიანის კი 1.70 ლარი ღირდა. ამასთანავე, ადვალური გადასახადიც გასამმაგდა და 30% გახდა. სავარაუდოდ, ამ ცვლილების გამო, თუკი 2018 წელს ადგილობრივი წარმოების (ძირითადად უფილტრო) სიგარეტებზე 108 მილიონი ცალი აქციზური მარკა გაიცა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 მილიონ მარკამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ უკანასკნელ წლებში გაიზარდა კონტრაბანდული ე.წ. "აფხაზური მარკების" მქონე სიგარეტების არალეგალური რეალიზაცია. NCDC-ის შეფასებით, უაქციზო თამბაქოზე მთლიანი მოხმარების 6.96% მოდის. კიდევ ერთი ფაქტორია ე.წ. დაჭრილი თამბაქო, რომელიც აქციზის გადასახადს მხოლოდ 2020 წელს დაექვემბებარა, თუმცა იქამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და 2017-2018 წლებში სიგარეტის გაყიდვის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩაანაცვლა, თუმცა აქციზური მარკების სტატისტიკაში არ აღირიცხებოდა.