მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყალბი დღგ-ის“ საქმე: 127 მილიონის ზარალი ბიუჯეტს და სქემაში მონაწილე 250 კომპანია

6082efb618602
თელარა გელანტია
24.04.21 00:00
1565
2017-2020 წლებში 250 კომპანიის მიერ, დაახლოებით, 194 მილიონის ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნა, საიდანაც 127 მილიონი ლარი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად იქნა გამოყენებული.

აღნიშნული ინფორმაცია „ყალბი დღგ-ის“ საქმეზე bm.ge-მ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ყალბი აქტივის შექმნის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა 60 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა და აღნიშნულ საქმეებში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

რაც შეეხება იმას, 127 მლნ ლარიდან რამდენი მილიონი დაუბრუნდა უკვე სახელმწიფო ბიუჯეტს, საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ პერიოდისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხა დაახლოებით 25 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, თუმცა როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხშია აღნიშნული, გამოძიების პროცესში, კომპანიებში დანიშნული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, მეწარმეებს ასეულობით მილიონი ლარის ოდენობით თანხა დაერიცხათ.



„ამასთან, დაყადაღებულ იქნა კომპანიებისა და ბრალდებულების სახელზე რიცხული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა. აღსანიშნავია, რომ დამნაშავე კომპანიების საქმიანობის სფერო იყო სხვადასხვა, საწვავის იმპორტი-რეალიზაცია, კვების პროდუქტების იმპორტი-რეალიზაცია, მომსახურების სფერო და სხვა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ცნობისთვის: ე.წ. „ყალბი დღგ-ის“ საქმეს bm.ge პერიოდულად უბრუნდება. ჩვენი ინტერესის საგანს, ბუნებრივია, წარმოადგენს როგორც მიმდინარე გამოძიებები, ასევე რა თანხა დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულების გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, არანაკლებ საინტერესოა, რამდენად ამოივსო ის ხვრელი, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტმა მილიონობით ლარი დაკარგა.

აღნიშნული სტატისტიკა bm.ge-მ 2021 წლის დასაწყისში გამოითხოვა. მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ყალბი აქტივის შექმნის ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 54 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა. ჯამში კი დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის გზით ბიუჯეტს, დაახლოებით, 186 მილიონ ლარის ზარალი მიადგა. 

„ყალბი დღგ-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ბევრი ადამიანის და კომპანიის მიმართ მიმდინარეობდა. მოხდა მრავალი მათგანის დაპატიმრება, ქონების ამოღება და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სისტემა მთლიანად მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მნიშვნელოვნად ამოიქოლა ის ხვრელები, რომელმაც საშუალება მისცა ამ თაღლითობას, რომ შემდგარიყო და ამის დასტურია 2019 წლის საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც 600 მლნ-ის გადაჭარბებით შესრულდა, რაც შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურების დამსახურებაა და ეს რეკორდული რიცხვია უახლესი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა უკვე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.