მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყალბი დღგ"–ის საქმე და ტელევიზიების დავალიანებები – კობერიძის კითხვები მაჭავარიანს

5ddfce393cdb8
დავით ჯალაღონია
28.11.19 17:37
1554
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ორი კითხვით მიმართა. ერთ–ერთი დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის საქმეს ეხება.

"ლარის კურსთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო წესრიგის თემა. საუბარი ეხება იმ თემას, რომ დღგ–ის ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ის 100 მილიონის თემა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მას შემდეგ, აქტიური ინფორმაცია არაფერი მიგვიღია საზოგადოებას და არც პარლამენტს და გვაინტერესებს, რა მოცემულობაა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჟღერდება სხვადასხვა მოსაზრებები, რომ არა მხოლოდ 100 მილიონზე, არამედ გაცილებით დიდ ციფრზე არის საუბარი. თუ შეიძლება, საზოგადოებას განუმარტოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

აქვე ვიცით, რომ კერძო სექტორიდან საკმაოდ ბევრი ადამიანია დაკავებული, მაგრამ საჯარო სექტორთან მიმართებით, ყოველ შემთხვევაში გამოძიება წინ არ წაწეულა და მსგავსი დანაშაულები არ მგონია, რომ მხოლოდ კერძო სექტორს შეუძლია, ჩაიდინოს და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ", – განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა ნავთობკომპანიის მიერ დიდი ოდენობით ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურის შექმნისა და მისი თანმდევი ფინანსური მაქინაციების გამო, 38 პირი დააკავა. შედეგად ბიუჯეტს 100 მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა. საგამოძიებო სამსახურში ასევე არ გამორცხეს, რომ საქმესთან საჯარო მოხელეების შემხებლობაც გამოიკვეთოს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს ტელეკომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაგროვილ დავალიანებას ეხება.

"მეორე თემა ეხება ტელევიზიების, რამდენიმე არხის მხრიდან, დაახლოებით 55 მილიონის არ გადახდას ბიუჯეტში, რომელზეც მახსოვს, რომ როდესაც ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დავაყენეთ, თქვენც აღნიშნეთ, რომ ეს საკითხი აქტუალურია. პრემიერ–მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ საჭიროა სამართლებრივ სივრცეში მოქცევა ამ თანხების", – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენალურ სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გამოსვლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მინისტრს კითხვებით დეპუტატები მიმართავენ.