მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზახურ ბიზნესს საქართველოდან EU-ში ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა" - ყაზახეთის ელჩი საქართველოში

624fed2bd0a30
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 12:13
1327
ყაზახურ ბიზნესს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ყაზახ მწარმოებლებს ადგილობრივ ბაზრის ათვისების გარდა, პროდუქტის ევროკავშირში გატანის შესაძლებლობაც ეძლევათ - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა 7 აპრილს საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ რთულ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო და ლოგისტიკური კავშირების მნიშვნელობა იზრდება, ამიტომ ქვეყნებმა თავისი უპირატესობები უნდა გამოიყენონ.

„მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსკასპიური დერეფანზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სარკინიგზო ტარიფებზე შეთანხმდნენ, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

ამასთან, ყაზახმა ბიზნესმენებმა უნდა გამოიყენონ ის ბიზნეს გარემო, სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წარმოების სიმარტივე, რომელიც საქართველოშია, ქართველ ბიზნესმენებს კი ყაზახეთში ბიზნესის წამოწყებისკენ მოვუწოდებ.

აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყნებმა, სამთავრობო დონეზე სავაჭრო საქონლის სპეციფიკაციაზე იმუშავეს, თუ რა პროდუქტებია მოთხოვნადი საქართველოში და ყაზახეთში. დღეს კი პროდუქტების სპეციფიკაციაზე მუშაობა საჯაროდან კერძო სექტორზე გადადის“, - განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში.

აღსანიშნია, რომ 6-8 აპრილს, საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. ფორუმის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს და საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს.

ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის დირექტორმა აზამატ ასკარულიმ განაცხადა, რომ ფორუმზე ქართულ და ყაზახურ ბიზნესებს შორის 5 საექსპორტო შეთანხმება გაფორმდა.

„საქართველოში სავაჭრო მისიით დიდი ხანია არ ვყოფილვართ, ჩვენთვის როგორც ქართული ბაზარი, ასევე საქართველოს გავლით ევროპული ბაზრებია საინტერესო. ფორუმზე ჩვენს შესაძლებლობებსა და კომპანიებზე ვისაუბრეთ. ასევე რამდენიმე შეხვედრა პორტის და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან გავმართეთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სატრანსპორტო შუა დერეფნის შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ. ქართული მხარე მზადაა, რომ სარკინიგზო გზით ფოთის და ბათუმის ტერმინალამდე მიიტანოს ტვირთები, თუმცა მომავალში გვინდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს გავლით, თურქეთსა და შემდეგ უკვე სამხრეთ ევროპაზე გავიდეთ“, - განაცხადა ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის დირექტორმა.

ცნობისთვის: ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების გზით ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით ხორციელდება.