მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა დაინტერესებული ექსპერტ-მკვლევრისთვის ჩვენი კარი ღიაა" - მერი ვაშლიჯვრის მეწყერზე

605aeb033a10b
ინგა მურუსიძე
24.03.21 11:37
770
თბილისის მერი ვაშლიჯვრის ფერდობის მიმდებარედ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა განცხადება და მედიასაშუალებების ნაწილს მოუწოდა, მიზანმიმართულად პანიკის დათესვისგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„სიტუაციას ვაკონტროლებ, მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე საშიში იქნება, პირველები ვიქნებით, ვინც მოსახლეობას ინფორმაციას მიაწოდებს. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც დაგეგმილია“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე პასუხობს ბრალდებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ არ იცოდა ეს პრობლემა ან იცოდა და დამალა.

„ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია დედაქალაქში არსებობს. ეს პრობლემა ჩვენც ვიცოდით და ოფიციალურ ვებგვერდზეც გვქონდა ატვირთული. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში გვაქვს. სამწუხაროდ, ქალაქში მეწყრულად საშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომელიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული და ინფორმაცია მითითებულია ანუ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორი არ არის“, - ამბობს თბილისის მერი.

კახა კალაძის თქმით, მერია ფერდს ყოველდღიურად აკვირდებოდა და როგორც კი საშიშროება გაჩნდა, ნაბიჯები გადაიდგა, მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა და საზოგადოებას წერილობითაც აცნობეს.

გარდა ამისა, თბილისის მერმა თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მოუწოდა, მოიწვიოს ყველა დაინტერესებული პირი, ექსპერტი, ვინც საკითხს კარგად იცნობს და ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართონ.

„პროცესების გააქტიურების პირველივე დღიდან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შესაბამისი ექსპერტები არიან ჩართული, საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები, რომლებიც ასევე მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბას მეწყრული გზის აღდგენასა და შეშელიძის ქუჩაზე.

არიან დაინტერესებული პირები, ექსპერტები, ვინც მეწყრულ პროცესებს სწავლობენ და საკითხზე ბევრი ინფორმაცია აქვთ. ჩართეთ ეს ადამიანები სამუშაო ჯგუფში, ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით უნდა მოვაგვაროთ პრობლემა. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ადგილზე დამონტაჟდება შესაბამისი ტექნიკა, რომელიც პროცესებს დააკვირდება, ასევე იკრძალება ადამიანების მისვლა მეწყრულ ზონასთან, რადგან არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები, სადრენაჟო სისტემებთან ერთად.