მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ" - ტიკარაძე "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე

5f0ed0ecb6684
ელენე გოგბერაშვილი
15.07.20 14:40
1046

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზანი გვქონდეს ზონდერული და სადამსჯელო რაზმებით დაკომპლექტებული ერთეულები სამინისტროში“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ს მიერ შრომის კოდექსში იმ ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში და მთელ რიგ მუხლებს, რომელიც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბება. 

ბიზნესის ამ მოსაზრებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ცვლილებების მთავრი მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. ტიკარაძის უწყებას დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და როგორც თავად მინისტრი ამბობს, ყველა ცვლილება განხილული და გავლილია.

“ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაცული იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის უფლება, შესაბამისად, ეს ცვლილებები დეტალურად არის გავლილი როგორც კერძო სექტორთან, ისე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთაგანაც  შეიძლებოდა მოგვესმინა საჭირო მოსაზრება და გაგვეთვალისწინებინა ეს კანონში. როგორც შრომის ინსპექციის მანდატი არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სადამსჯელო რაზმი, რა თქმა უნდა ყველა დამატებითი კანონის რეგულაციის შემოღების შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მიზანი, რომ გვქონდეს ზონდერული, სადამსჯელო რაზმებით დაკომპელქტებული ერთეულები სამინისტროში. ჩვენ ყველა ამ ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ. დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვნახავთ რა ცვლილებებიც იქნება“- განაცხადა მინისტრმა.

 ყველაფერი, რაც შრომის კოდექსში იცვლება - იკრძალება და რეგულირდება, იხილეთ აქ.