მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა პრობლემა მოგვარდა“ - მინისტრის მორიგი კომენტარი "ბორჯომის“თემაზე

62ecf31e4e7aa
თელარა გელანტია
05.08.22 15:00
892
„ბორჯომი“ სრულფასოვნად ფუნქციონირებს“, - ასე უპასუხა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა bm.ge-ს კითხვას.

ვიცე-პრემიერის პასუხიდან ჩანს, „ბორჯომის“ 7.73%-ს მეწილე ოფიციალურად სახელმწიფო გახდა, მაგრამ BMG ცდილობს, აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებას და შესაბამისად, საჯარო დოკუმენტების მოპოვებას.

ამასთან, „აი დი ეს ბორჯომი საქართველოსა“ და მთავრობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხზე პირველი განცხადებებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელისა და დამკვირვებლის პოსტებზე შესაბამისი კანდიდატურები ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეარჩია, მაგრამ ვინაობა დღეს არ დაასახელა.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით გარიგება განხორციელდა. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო; ხელშეკრულებაც მარეგულირებლის მხრიდან უკვე დარეგისტრირდა. ასე რომ, „ბორჯომთან“ დაკავშირებით ყველა პრობლემა მოგვარდა.

„ბორჯომი“ სრულფასოვნად ფუნქციონირებს. სახელმწიფო წარმოდგენილია დირექტორთა საბჭოში და „ბორჯომი“ ნელ-ნელა თავის პოზიციებს დაიბრუნებს“, - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".