მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა პროდუქტი ევროკავშირში ვერ იქნება წარმატებული“ - დავითაშვილი

5fe08ee03cb21
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 21:35
1009
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის შეფასებით, ევროკავშირის საექსპორტო ბაზრის პოტენციალზე საუბრისას სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა თანმიმდევრული უნდა იყოს. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ფარგლებში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2020 წლის 11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 142 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც გასულ წელთან შედარებით 35%-ით მეტია.

„მატყლი და თაფლი არ არის ჩვენი სტრატეგიული პროდუქტები და აქცენტი მხოლოდ ამაზე ვერ გაკეთდება. ეს არის მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ორი პროდუქტი იმ რამდენიმე პროდუქტიდან, რომელიც დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე. რა თქმა უნდა, მათი წილი ექსპორტში ძალიან ცოტა - რამდენიმე ასეული ათასია.

ჩვენი ამბიცია არ არის 142 მლნ, ან 150 – 200 მლნ დოლარის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ არის ის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული ხედვა გავაგრძელოთ, ანუ მეტი კონკურენტუნარიანი ადგილობრივი ქართული პროდუქტი ვაწარმოოთ. რაც არ უნდა ბარიერები მოვხსნათ და ევროპას მოველაპარაკოთ, თუ გასაყიდი არაფერი გვაქვს ვერ გავყიდით, ამიტომ გასაყიდი პროდუქტი უნდა შევქმნათ. ყველა პროდუქტი ევროკავშირში ვერ იქნება წარმატებული, ზოგს თავისი სხვა ბუნებრივი ბაზრები გააჩნია, მაგრამ რაც უფრო მეტად თანმიმდევრულები ვიქნებით ჩვენს პოლიტიკაში და მეტი გვექნება წარმოება, წარმოების ხელშეწყობა, მით მეტი გვექნება ექსპორტი ევროკავშირში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თავისთავად გულისხმობს, ადგილობრივი წარმოების გააქტიურებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასაც.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივი კონკურენტუნარიანი წარმოების განვითარებაზე, ეს გულისხმობს როგორც თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას, ასევე საექსპორტო პოტენციალის მეტად გამოყენებას, მათ შორის ჩვენთვის პრიორიტეტულ ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.