მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და მიიმალა" - შს მინისტრი

5f918e9cd8b47
BM.GE
22.10.20 17:50
2640
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე დაეკავებინა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. მძევლებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ ავთანდილ გალდავასთან ერთად მანქანით რამდენიმე საათიანი გადაადგილების შემდეგ დამნაშავე მანქანიდან გადავიდა და მიიმალა.

“მძიმე დღე იყო გუშინ ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის და მძევლებისთვის, ვინც შიგნით იყვნენ. ყველაფერი გააკეთა შს სამინისტრომ და ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო.

ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი სწორედ ეს იყო, რაც ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთან... ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავის არაფერი დაშავებოდა. ხედავდით, რომ ადამიანების გამოშვება ეტაპობრივად ხდებოდა. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ გავყვებოდით 5-10 კაცი, მაგრამ უარს ამბობდა. ბოლოს დაგვთანხმდა 1 ადამიანზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავის სიცოცხლე გაწირა, ეს არ არის ადვილი საქმე და არც ჩემთვის იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანი ან დაბრუნდებოდა ცოცხალი და ან - არა. წარბი არ შეუხრია ამ გადაწყვეტილების მიღებისას ავთანდილ გალდავას.

(დამნაშავემ) წაიყვანა მძევლები და 3 ადამიანი. ისინი მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი დაგვეკავებინა, თუმცა, რთული იყო, ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას”, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება დეტალებს, სად დაკარგა პოლიციამ დამნაშავის კვალი, მინისტრი პასუხობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“რაც არ შემიძლია, ვერ გეტყვით. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ერთმა ზედმეტმა სიტყვამ საქმე გააფუჭოს. მეორე ეტაპია, ეს ადამიანი დავაკავოთ და დავსაჯოთ”, - აცხადებს მინისტრი.