29.იანვარი .2020 18:10

"ყველაფერი შედარებითია", - გახარია ეკონომიკურ მდგომარეობაზე კონგრესმენების კრიტიკას პასუხობს

views 380
უკან

ყველაფერი შედარებითია, საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ ამერიკელი კონგრესმენები წერილებში საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

"ყველაფერი არის შედარებითი. დღეს საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება, ქვეყანას აქვს მთელი რიგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ. დონორებთან საუბარი კი ნიშნავს, რომ ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ტარდება ქვეყანაში, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახით. ჩვენ გვესმის ეს ჟრიამული, რაც წერილებთან დაკავშირებით მოეწყო. რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე, ამას გამოიყენებენ პოლიტიკურ კონტექსტში", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ჟურნალისტი გახარიას მოსაზრებით დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, როცა კონგრესმენი რუსეთის მარიონეტად მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს, ეს მისი პოლიტიკური ინტერესია, თუ - არა. 

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული, არაკეთილსინდისიერი კომპანიის, კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და იმედი მაქვს, სულ მალე, როცა პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს ამას", - ამბობს გახარია.

რაც შეეხება ზოგადად, კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკის შინაარსით გამოგზავნილ არაერთ წერილს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მთავრობა მწვავე კითხვებზე პასუხებს არასოდეს გაურბის.

აქვე, ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, წერილი უნდოდა თუ სიხარული, რასაც გახარიამ უპასუხა: "თქვენგან რა თქმა უნდა და ზოგადადაც, სიხარული მინდა. ისე, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისე როგორც თვალის ჩაკვრაზე".

"რაც შეეხება კონგრესმენებს, მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე მის გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო მიმართულებით განვითარებას, ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწარაფება და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლებზეც გარწმუნებთ, რომ პასუხების გაცემა არასოდეს შეგვშინებია. ყველანაირ კითხვაზე იქნება პასუხი", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა