18.აგვისტო .2022 14:17

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავარიული სახლების პროგრამა განხორციელდეს" - რიჟვაძე ომბუდსმენის სარჩელს ეხმაურება

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავარიული სახლების პროგრამა განხორციელდეს" - რიჟვაძე ომბუდსმენის სარჩელს ეხმაურება
views 501
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, რომელშიც ომბუდსმენის აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

"იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და ნაცებთან შეზრდილმა, ნაცების დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში. გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობაში აცხდებენ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს.

თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან: "სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა, რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“.

საუბარია პარლამენტის მიერ 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. აღნიშნულის მიხედვით, ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. ასევე, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა