მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხულის დასაწყისში ბევრი ოფიციალურად გაკოტრებული კომპანია გვეყოლება" - „ჰელისკი ჯორჯიას“ მოლოდინები

60522e10a3712
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 22:30
992
ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის თქმით, მთის კურორტებზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კომპანიას ოპერირება არ აღუდგენია.

როგორც „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ეს მათთვის წამგებიანი იქნებოდა.

„ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ოპერირება არ დაგვიწყია და არც დავიწყებთ. ბიზნესის კუთხით ეს აბსოლუტურად წამგებიანი იქნება, იმიტომ რომ არ ვიცით როდის ჩაგვკეტავენ ხელახლა. არანაირი გარანტიები არ გვაქვს. ამასთან ზამთრის სეზონის ბოლომდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ფიზიკურად რაიმე ფინანსური გათვლების გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება გაზაფხულის და ზაფხულის სეზონს, ამ დროისთვისაც ოპტიმისტური მოლოდინები არ გვაქვს. უფრო პესიმისტური გათვლა გვაქვს, ისეთი რომ მინიმალური ოპერირებით ხარჯებსაც ვერ დაგვიფარავს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგვიწევს მუშაობის განახლება. როგორ და რა შეზღუდული რესურსით მოგვიწევს ამოქმედება, ეგ ცალკე საკითხია... პროგნოზი ძალიან პესიმისტური გვაქვს“, - ამბობს ვატო ასათაშვილი.

კითხვაზე - რა მიმართულებიდან და როდიდან ელიან საერთაშორისო დამსვენებლებს, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელის შეფასებით, ტურიზმი აღდგენას ნელი ტემპით გაზაფხულის ბოლოდან დაიწყებს.

„ფრენების დაანონსება არ ნიშნავს, რომ ტურიზმი ავტომატურად დაიწყებს მუშაობას და ეს დაანონსებული ფრენებიც შესრულდება, იმიტომ რომ უნდა იყოს საკმარისი მოთხოვნა და ტრაფიკი. თუ არ იქნება მოგზაურთა საკმარისი რაოდენობა, მაშინ რეისებიც არ განხორციელდება. ყველამ ვიცით, რომ ზამთრის სეზონი მკვდარია, შესაბამისად პირველი ეტაპისთვის, მაისიდან ტურისტებს რუსეთიდან ველით, იმის მიუხედავად, რომ მინდა ამ ბაზარზე დამოკიდებულება რაც შეიძლება დაბალი იყოს; მეორე ბაზარი ახლო აღმოსავლეთია, სადაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ეს მიმართულებაც აღდგება, ოღონდ ძალიან დაბალი დატვირთვით.

ზაფხული სეზონის მიწურულს ივლის-აგვისტოში დაიწყებს აქტივობას ევროპის ქვეყნები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილიც ტრადიციული, ორგანიზებული ტურიზმის მიმართულებით გააქტიურდება“, - განმარტავს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

ვატო ასათაშვილის თქმითვე, ტურიზმის აღდგენისთვის ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და მთავრობის მხრიდან გაწერილი სტრატეგია, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.

„ჩვენი უმთავრესი პრობლემაა მასობრივი ვაქცინაციის ვერდაწყება, რაც ნიშნავს რომ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ. არ გვაქვს დეკლარირებული სტრატეგია, თუნდაც 12-თვიანი იმის შესახებ, თუ რას აპირებს მთავრობა მომდევნო თვეების განმავლობაში. ამიტომ რაიმე გათვლის გაკეთება ძალიან ძნელია. ის კომპანიები, რომლებიც ამოქმედდებიან, რისკის ფასად შეძლებენ მუშაობას. ვფიქრობ, ტურიზმში მოქმედი ძალიან ბევრი კომპანია მუშაობას ვერ აღადგენს და გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში სახეზე ბევრი ოფიციალურად გაკოტრებული კომპანია გვეყოლება, რომლებიც მუშაობას შეწყვეტენ“, - უთხრა BM.GE-ის ვატო ასათაშვილმა.