მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზამთრის კურორტებზე ფასები იქნება მაღალი, მაგრამ პიკური პერიოდის შემდეგ დაიკლებს" - ვატო ასათაშვილის მოლოდინები

61ae4a72a3851
თათია ჩაფიჩაძე
06.12.21 22:40
676
ზამთრის კურორტებზე პირველი თოვლი მოვიდა, თუმცა წლევანდელი ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, ის ათვლას სავარაუდოდ 16 დეკემბრიდან დაიწყებს.

თითქმის სრულად ჩავარდნილი გასული ზამთრის სეზონის შემდეგ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლების მოლოდინები მეტ-ნაკლებად ოპტიმისტური, თუმცა კვლავ ბუნდოვანია.

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი გასული 2 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ სექტორს არანაირი გარანტიები არ აქვს და ის შესაძლოა „მთავრობის უაზრო ნაბიჯების გამო“ ისევ დაიხუროს.

„არ ვიცით, როცა გაიხსნება სეზონი რამდენ ხანს იქნება გახსნილი და ეს რეგულაციები რამდენს ხანს იმუშავებს. ვიცით რომ ელოდებიან მომდევნო ტალღას და მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებიან ხისტი რეგულაციები არ იქნებაო, გასული 2 წლის გამოცდილების გათვალისწინებით დანაპირების შესრულების პერსპექტივაც რეალისტური არ არის.

საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით ველოდებით რომ პრობლემატური წელი იქნება. ვხედავთ, რომ ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებს პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით რთული ვითარება აქვთ, ლოქდაუნია ავსტრიაში, გერმანიაში. როგორ იქნება შვეიცარიასა და იტალიაში, არ ვიცით. ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპა უკეთესად გამოიყურება, საუბარი მაქვს პოლონეთზე, ჩეხეთზე. თუმცა კონკრეტული გათვლის გაკეთება რთულია.

ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვრისკავ რაიმე ინვესტიციას იმისთვის, რომ ოპერირება განვაახლოთ, სამწუხაროა მაგრამ თვითდინებით მივყვებით, იანვრის შუა რიცხვებიდან თუ მენეჯმენტის კუთხით დიდი პრობლემები არ გვექნება და პანდემიური კუთხითაც ხისტი შეზღუდვები არ ამოქმედდება, შეიძლება ვისაუბროთ მცირე დატვირთვით ოპერირებაზე, სხვა შემთხვევაში როგორც გასული წელი გავაუქმეთ, ისე იქნება გაუქმებული წლევანდელიც.

რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს, ჩვენს შემთხვევაში გაზაფხულიდან ზაფხულამდე ვყიდულობდით ჯავშნებს, წელს ყველა გაყიდვები გაჩერებული გვაქვს, საიტები გათიშული გვაქვს, დღეს რაიმეს გაყიდვა სიგიჟეა იმიტომ რომ შესაძლოა შუა მსვლელობის დროს მთავრობის უაზრო ნაბიჯების გამო სეზონი გაგვიწყდეს.“ - აცხადებს ასათაშვილი.

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ 2019 წელთან შედარებით წელს ზამთრის კურორტებზე საერთაშორისო მოგზაურებთან მიმართებით მაჩვენებლები 20-25%-ით აღდგება. რაც შეეხება ღირებულებას, დამსვენებლებს საშუალოდ 20%-მდე გაზრდილი ფასები დახვდებათ.

„2021 წლის ზაფხულში 2019 წლის მაჩვენებლების 30%-ის რეგენერაცია შევძელით, რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ვფიქრობ, რომ უარესი შედეგი იქნება. ადგილობრივ ბაზარზე შიდა მოხმარების კუთხით პროგრესი იქნება ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად ვერ მოგზაურობენ და ეს დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება ქართული ბიზნესისთვის. მაგრამ საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით თუ მივედით 20-25%-ზე, სამწუხაროა, მაგრამ პოზიტიური მაჩვენებლად ჩაითვლება.

ფასების საკმაოდ მზარდი და ძვირია, მათ შორის განთავსების მხრივაც. პიკურ პერიოდში წინასაახალწლოდ ვფიქრობ, რომ ფასები მაღალი იქნება, მაგრამ ახალი წლების მერე კლება გარდაუვალია. ამ ხელოვნურად ფასების ზრდასაც თავის მიზეზი აქვს, ბიზნეს მოთამაშეებს არანაირი გარანტია არ აქვთ რომ სეზონზე სრულად იმუშავებენ, ამიტომ მოკლე დროში უნდათ მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ და დანახარჯები მაინც დააკომპენსირონ. ეს არ არის მათი ახირება, ეს არის გადარჩენის პროცესი. აქედან გამომდინარე ფასები იქნება მაღალი, მაგრამ პირველი პიკური პერიოდის გადავლის მერე, ანუ სადღაც 8 იანვრიდან ფასები დაიკლებს და გამოჩნდება რომ შეთავაზებები უფრო მეტი იქნება, ვიდრე მყიდველი.

ზუსტი კოეფიციენტის გამოყვანა რთულია, თუ 2019-ს შევადარებთ ინფლაციაა, ლარის დევალვაციაა, მაგრამ მოჭრილად რომ ავიღოთ და 2021 შევადაროთ 2019 წელს, ზრდა სადღაც 15-20% მაინც არის. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეს საკმაოდ მაღალი დანახარჯი და ზედმეტი ფუფუნებაა საშუალო სტატისტიკური ქართველი დამსვენებლისთვის.“ - განაცხადა ასათაშვილმა.