17.სექტემბერი .2020 23:40

"ზოგიერთი ბიზნესი შეიძლება ახლავე დაიხუროს" - ალექსანდრე რატიშვილი

views 523
უკან

ზოგიერთი ბიზნესი შეიძლება ახლავე დაიხუროს, ზოგმა გადაიტანოს მორიგი დევალვაცია, გადარჩეს, ან მოგვიანებით დაიხუროს, - ამის შესახებ bm.ge-ს „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა.

ის ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებით გამოწვეულ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ ბიზნესი გათვლებს აკეთებს, თუმცა ამ ტემპის გაუფასურების გათვლა ძალიან რთულია.

„ეს არ არის მცირე რყევები, საკმაოდ დიდი რყევებია. ბიზნესმენები პრობლემებთან გამკლავებისთვის ყოველთვის მზად ვართ და არავის მითითება არ გვჭირდება, არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და არც არავის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არის მუდმივი და მოურჩენელი ავადმყოფობა ქართული ეკონომიკის. როგორც უკვე ვატყობთ, ინტერვენციებიც აღარ შველის კურსს. ჩვენ ვართ მოქმედი კომპანია, რომელსაც ისე როგორც სხვა კომპანიებს, გვაქვს სასეხო ვალდებულებები, რაც უცხოურ ვალუტაშია გამოხატული.

უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს ემატება ნედლეული, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის და პირდაპირ არის მიბმული ვალუტის კურსზე, ამას ემატება საწვავის ფასი, რომელიც მიბმულია ვალუტის კურსზე, რასაკვირველია, ნებისმიერ კომპანიაში, მათ შორის ჩვენთან, ყველაფერი აისახება პროდუქციის ფასზე. ეს კი ყოვლად მიუღებელია როგორც ბაზრისთვის და მომხმარებლისთვის, ისე ჩვენთვის. არავის ეგონოს, რომ ფასების მომატება მწარმოებლებს გვიხარია. პირიქით, კარგად ვიცნობთ ჩვენს ბაზარს, მომხმარებლებს და ვიცით, რომ ყოველი ფასის მატება მომხმარებლისთვის არის შოკის მომგვრელი და შეზღუდული რაოდენობის მოხმარებას ნიშნავს. რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით ნაკლები იყიდება და ეს ურტყამს ბიზნესს“, - ამბობს ბიზნესმენი.

"ვალუტის კურსის ცვალებადობას როცა შეეხება საქმე, ყოველთვის ვსაუბრობთ მხოლოდ ლარის გაუფასურებაზე, ხომ შეიძლება ხანდახან მაინც გამყარდეს? არა, სულ უფასურდება, თან არა მცირედით, არამედ დიდი ნახტომებით. ეს დამანგრეველია ბიზნესისთვის და პროგნოზირების მაჩვენებლებს არ იძლევა. ჭკვიანურ რჩევებს გვაძლევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მადლობა მას“, - დასძინა რატიშვილმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი კომპანია საფრთხის წინაშე არის, რომ სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიოს, თუმცა არა ამ ეტაპზე.

„ამ დრომდე მოვახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები. მიუხედავად პანდემიისა და გაყიდვებს შემცირებისა, არავინ გაგვიშვია სამსახურიდან, მაგრამ ახლა ამას ემატება ლარის დევალვაცია, არჩევნები ახლოვდება და ესეც ხელს უწყობს პროცესს, შემოდგომაც მოდის და როგორც ყოველ წელს ხდება, მოსალოდნელია ლარის კიდევ უფრო გაუფასურება“, - ამბობს რატიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჯერ პროდუქციის გაძვირება არ მომხდარა - „ჯერჯერობით ვიტანთ პრობლემებს, ფასები არ მოგვიმატებია, მაგრამ ვნახოთ, როდემდე შევძლებთ“.

ბიზნესმენი სიტუაციიდან გამოსავლად ორ ფაქტორს ასახელებს - ადგილობრივი წარმოების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა.

„არავითარი ინტერვენციები არ უშველის ლარს, თუ ეროვნული ვალუტის შემოდინება არ მოხდა ქვეყანაში და ეს არ ხდება უკვე წლებია. არაფერი იცვლება, როგორც ვისხედით 90%-ით იმპორტზე, ისევ ისე ვართ ახლა და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რასაც ემატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რადიკალური შემცირება, ტურიზმის კრიზისი, ფულადი გზავნილების შემცირება და ეს არის შედეგი. ბევრი ფაქტორია ისეთი, რაც ლარის კურსზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს“, - თქვა რატიშვილმა.