მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისი ერთიანი სატრანპორტო ორგანიზმიდან ამოვარდნილია“ - ბიზნესმენი

5eda585e3268b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 19:20
2142
ქუთაისში სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელი მერაბ გოგონაძე აცხადებს, რომ ქუთაისი ერთიანი სატრანსპორტო ორგანიზმიდან ამოვარდნილია. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, სწორედ ეს საკითხი წარმოაყენა პრემიერისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა.

მერაბ გოგონაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.

„ქუთაისი მეტ-ნაკლებად ამოვარდნილია ერთიანი სატრანსპორტო ორგანიზმიდან, რაც დღეს არსებობს საქართველოში. ვგულისხმობ პირველ რიგში გერმანელი იქნება თუ ფრანგი, რომელიც მოგზაურობას გეგმავს საქართველოში, ბერლინიდან ავიღოთ პირობითად ჩაფრინდება ქუთაისის აეროპორტში და შემდგომ წყდება კავშირი. არ არის გაციფრულებული მარშრუტი, რომლის დახმარებითაც სოლო-დამოუკიდებელი ტურისტები შეძლებენ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ ქუთაისის აეროპორტიდან ქუთასის ცენტრში. პირველ რიგში ეს არის აღმოსაფხვრელი და ამაზე დაპირება მივიღეთ. აქამდეც გვქონდა ეს დაპირება გუბერნატორისგან და შესაძლოა ამ ვირუსის გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ დღეს მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში დაინიშნება შატლები ქუთაისის აეროპორტში“, - განმარტა სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელმა.

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი არ ჩერდება ქუთაისში და ეს იმ ტურისტებს, რომლებსაც ქუთაისში ჩამოსვლა უნდათ, დისკომფორტს უქმნის.

„ამავდროულად შტადლერის მატარებელი, რომელიც ემსახურება თბილისსა და ბათუმს დანარჩენს საქართველოსთან შემხებლობაში არ არის. კონკრეტულად მე თუ ტურისტი მყავს, ის მთხოვს, რომ რკინიგზით ისარგებლოს, შესაბამისად მე ვერ უზრუნველვყოფ მის კომფორტულ გადაადგილებას რკინიგზის საშუალებით, რომელიც ევროპაში არის უკომფორტულესი სატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, თუ შტადლერი დაინიშნება აეროპორტიდან პირველ გაჩერებას გააკეთებს ქუთაისის სადგურთან, ვისაც სურვილი ექნება გადაადგილდეს მატარებლის საშუალებით, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, თუ არა და გააგრძელებს მოძრაობას ქუთაისის ცენტრის მიმართულებით.

ეს ორი საკითხია, რომელზეც დაპირება მივიღეთ - შტადლერი უახლოეს ხანებში დაინიშნება და რაც შეეხება რკინიგზის სადგურს, ასევე დადასტურდა, რომ რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს უკვე არსებულ რკინიგზის სადგურს. ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ როგორც სისხლი მოძრაობს ადამიანის ორგანიზმში ისე უნდა მოძრაობდეს ტურისტი ქვეყანაში იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე არსებობს“, - უთხრა BM.GE-ს ბიზნესმენმა.