მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-მესტიის ფრენებზე დატვირთვა 78%-მდე გაიზარდა - "აკ-ეარი"

61c424f11f4d1
მარიამ ვარადაშვილი
23.12.21 22:50
423
ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან “აკ-ეარმა” მესტიის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა, რომელიც 2020 წლის მარტიდან შეჩერებული იყო. ქუთაისის გარდა, “აკ-ეარი” ამბროლაურის მიმართულებითაც დაფრინავს.

ჯამში ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით სრულდება. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, დამტკიცებული განრიგით ამ ეტაპზე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით სრულდება. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა BMG-ის უთხრა, რომ ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე დატვირთულობა თითქმის 80%-ს აღწევს.

“დატვირთვა საკმაოდ მაღალი გვაქვს. ამ პანდემიისა და რთული მდგომარეობის გათვალისწინებით. ძალიან გაიზარდა ამბროლაურის მიმართულებით მგზავრების რაოდენობა. ყველაზე დატვირთული მესტიის მიმართულებაა. მომხმარებელი ტურისტიც არის და საქართველოს მოქალაქეც. შიდა მობილობა საკმაოდ გაზრდილია. ტურისტების წილი დაახლოებით ნახევარია”, - აცხადებს მღებრიშვილი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი 25 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება. “აკ-ეარის” მენეჯერი გვეუბნება რომ ტურისტული სეზონის დაწყება დატვირთულობას გაზრდის. ამ ეტაპზე იანვრის განრიგი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. აქედან გამომდინარე, ბილეთის ჯავშნებზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

“31 დეკემბრის ჩათვლით ყველა რეისზე მესტიის მიმართულებით ბილეთები სულ გაყიდულია. რაც შეეხება იანვარს, განრიგი ჯერ არ დაგვიდია, თუმცა ზოგადად, იანვარი ყველაზე დატვირთული იყო, რადგან არდადეგების პერიოდია და ყოველთვის დიდი დატვირთვით დავფრინავდით. პანდემიის გამო, გრძელვადიან განრიგებს ვერ ვაქვეყნებთ, რადგან ვერც ჩვენ და ვერც სახელმწიფო ვერ წყვეტს რა იქნება ხვალ. ამიტომ, მაქსიმუმ ორთვიანი განრიგები გვაქვს. პანდემიამდე მთელი წლის განრიგი გვქონდა გამოქვეყნებული”,-აცხადებს მღებრიშვილი.

BMG-ის კითხვაზე თუ მიმდინარეობს აეროპორტების გაერთიანებასთან მოლაპარაკება ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის აეროპორტიდან რეისების გაზრდის საკითხზე, “აკ-ეარის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ფიქრობს, რომ ორი სიხშირის ფრენა უკეთესი იქნება.

“10 ნოემბრიდან განვაახლეთ ქუთაისი-მესტიის მიმართულება. მაშინ დატვირთვა 30% იყო ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე. ახლა 78%-მდე გაიზარდა. თუ ასეთი ვითარება სტაბილურად გაგრძელდა, დატვირთვაც გაიზრდება, რადგან ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ოდენობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ტურისტისთვის კვირაში ერთი ფრენა უკვე არაკომფორტულია. ქუთაისი-მესტიის მიმართულება აეროპორტების გაერთიანებამ ერთგვარ სატესტო რეჟიმში გაუშვა. მოისინჯა ბაზარზე რამდენად მოთხოვნადი იყო ისევ ეს მიმართულება”,-აცხადებს ირინა მღებრიშვილი.