მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან მესტიამდე ავიარეისები განახლდა - რა ჯდება ფრენა?

618e4ca645a6f
მარიამ ვარადაშვილი
13.11.21 00:13
3379
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია “აკ-ეარმა” მესტიის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა, რომელიც 2020 წლის მარტიდან შეჩერებული იყო. როგორც BMG-ის ავიაკომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა, აეროპორტების გაერთიანებამ გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო. წლის ბოლომდე ფრენები მესტია-ქუთაისი-მესტიას შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, თუმცა სიხშირე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესაძლოა გაიზარდოს. ამ ეტაპზე წლის ბოლომდე კვირაში ერთი სიხშირეა დამტკიცებული.

“ქუთაისი-მესტიის რეისი 2017 წლიდან სრულდებოდა და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო. პანდემიის გამო შიდა ავიარეისებიც საერთაშორისოსთან ერთად შეწყდა, ვინაიდან ქუთაისში საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლა ძალიან ცოტა იყო, ამ პერიოდამდე ქუთაისი-მესტიის რეისი არ განახლებულა. თუმცა ჩვენ ხელშეკრულების ფარგლებში დანარჩენი ყველა შიდა ავიარეისი აეროპორტების გაერთიანების დაკვეთითა და მათ მიერ შედგენილი განრიგით განვაახლეთ. მოთხოვნა ძირითადად საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან იყო. ძალიან ბევრ წერილს ვიღებდით, აინტერესებდათ რატომ არ აახლებთ ქუთაისი-მესტიის ავიარეისებსო”, - აცხადებს მღებრიშვილი.

“აკ-ეარის” აღმასრულებელი მენეჯერი გვეუბნება, რომ მესტია-ქუთაისის მიმართულება ოთხივე სეზონზე მინიმუმ 90%-იანი დატვირთულობით მუშაობდა.

“ჯერ ერთი რეისი შესრულდა და რასაც ვუყურებთ მომდევნო რეისებზე გარკვეული რაოდენობა ბილეთების გაყიდულია. რაც შეეხება ფასს, ეს ფასი 2018 წლიდან მოქმედებს. ხელშეკრულება გვაქვს და ვალდებულები ვართ ამ ფასად შევასრულოთ ფრენა,” - ამბობს ის.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა.