მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიკატი მიიღო

61e6c4fed1c18
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 17:43
463
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება წარმატებით გაიარა. მსგავსი მოთხოვნა გასულ წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ გაჩნდა.

დადგენილების თანახმად, სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა სრულდება იმ თვითმფრინავით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა 2370 კგ-ს აღემატება. ამასთან, აეროდრომზე საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტი იყო პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

“ეს დოკუმენტი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რათა ოპერირება იყოს უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიამ შეამოწმა და ადგილზე შეაფასა ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. დარწმუნდა რა, რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათ მიერვე გაცემული წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახანს, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დავასრულეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ბაქანის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია”,-განაცხადა არჩუაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს ადგილობრივი აეროპორტები გადიან.