მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების დამატებაზე მუშაობა მიმდინარეობს

63d8e0cff0277
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 22:09
1331
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი ადგილობრივი ეკონომიკის მასტიმულირებელი უნდა იყოს, ამიტომ დაწყებულია მუშაობა სატვირთო გადაზიდვების მომსახურების დამატებაზე.

როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა BMGtv-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ აღნიშნა, დღეს ქუთაისის აეროპორტი იმდენად განვითარდა, რომ დაბალბიუჯეტიან ფრენებთან ერთად კომპანიებისთვის სრული სერვისის მიწოდებაც შეუძლია.

„მჯერა, ქუთაისის აეროპორტის განვითარება იმ ეტაპზეა, როდესაც შესაძლებელია არამხოლოდ დაბალბიუჯეტიანი, არამედ სრული მომსახურების კომპანიების მომსახურება, ასევე სხვა სერვისების როგორიცაა სატვირთო გადაზიდვები, ტექმომსახურება და ა.შ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ჯერჯერობით იდეების დამუშავებისა და დაგეგმარების დონეზე ვართ, თუ როდის რა შეიძლება გაკეთდეს და რა რესურსი გაგვაჩნია“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.

განვითარების ნაწილში კი დიდი პოტენციალი ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, სატვირთო გადაზიდვების კუთხითაა. აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ ამ ნაწილში განვითარება ეტაპობრივად მოხდება და პირველი ფაზის განხორციელება შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს.

„ქუთაისის აეროპორტი ადგილობრივი ეკონომიკის მასტიმულირებელი უნდა იყოს. ქუთაისი მერის მოადგილედ მუშაობისას ნათლად დავინახე როგორ ვითარდება რეგიონში სოფლის მეურნეობა. სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს ამბიციური და დიდი პროექტი - იმერეთის აგრო ზონა. ამ მხრივ ადგილობრივი ფერმერების ერთ-ერთი დიდი წუხილი სატვირთო გადაზიდვები იყო. მათ უწევდათ თბილისში ტვირთის ჩამოტანა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო კავშირში, აქედან გამომდინარე სწორედ ეს იყო ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რომ ადგილობრივად დაგვემუშავებინა თუ როგორ შეიძლება სატვირთო ტერმინალის განვითარება. ამას თავისი ფაზები აქვს, პირველი იქნება ე.წ. ბელი კარგო, შემდეგ უკვე სატვირთო-საჰაერო ხომალდების მომსახურება. ამას შესაბამისი ინვესტიცია და ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. დარწმუნებული ვარ მოთხოვნის შემთხვევაში “ბელი კარგოს” მომსახურების ამოქმედებას წელს უკვე შევძლებთ და შემდეგ მოთხოვნიდან გამომდინარე ინვესტორების მიმართულებით დაინტერესება გაიზრდება“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

კითხვაზე - რამდენად შეიძლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიენიჭოს, ქარქაშაძე ამბობს რომ ეს საინტერესო მიმართულებაა, თუმცა აეროპორტის მიმართ ამაზე დაინტერესება არ ყოფილა, რადგან ქუთაისში "თიზ"-ი უკვე არსებობს.

„თუ ამ საკითხს გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ მას შემდეგ რაც ქუთაისის აეროპორტში ლოგისტიკური ცენტრი და სატვირთო გადაზიდვების დიდი არეალი გაჩნდება, რატომაც არა, ვფიქრობთ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ და ჩვენგან ყოველთვის იქნება მზაობა მსგავსი პროექტების განხორციელებაზე, რადგან ეს ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელია“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.