17.იანვარი .2020 22:50

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მიყვანა, რომელიც 2016 წელს დაანონსდა, კიდევ არ დაწყებულა

views 3081
უკან

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაკავშირების პროექტი, რომელიც 2016 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მის მიერვე დაანონსდა, კვლავ განუხორციელებელია. ამ დროის განმავლობაში პროექტმაც იცვალა სახე; ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში, საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ზაზაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, რომ კონსულტანტების რჩევის შედეგად, კოპიტნარის არსებული რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია გადაწყდა, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის.

„კოპიტნარში რკინიგზის სადგურზე არსებული ერთი ბაქანის რეკონსტრუქცია მოხდება და მეორე ახალი აშენდება, რათა მგზავრები ორივე მიმართულებით აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მივიღოთ. ჩვენ მზად გვაქვს ყველა დოკუმენტი იმისათვის, რომ მთავრობაზე საკითხის ინიცირება განხორციელდეს. ველოდებით, რომ ერთობლივად რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუციასთან ერთად მოხდეს საკითხის ინიცირება. მათ შორის: ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან, ასევე აეროპორტების გაერთიანებასთან,“ - ამბობდა მაშინ ზაზაშვილი.

უფრო მეტიც, გასული წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მშენებლობა ძალიან მალე დაიწყებოდა.

„მშენებლობა ყველა შემთხვევაში წელს დაიწყება. არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ნაწილი წელსვე დავასრულოთ, მაგალითად: აეროპორტთან უკვე არსებული ბაქანის რეაბილიტაცია, ასევე მეორე ბაქანის მშენებლობა. პროექტირების ჩათვლით, გადაწყვეტილების მიღებიდან 8 თვეში სამუშაოების დასრულებას შევძლებთ”, - ამბობდა ზაზაშვილი 2019 წლის ივნისში.

ამ განცხადებიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა, უშუალოდ პროექტის დაანონსებიდან მე-4 წელი დაიწყო, მაგრამ  ადგილზე არათუ სამუშაოები დაწყებულა, არამედ მთავრობას ამ დრომდე შესაბამისი განკარგულების პროექტიც არ დაუმტკიცებია. აღნიშნული bm.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც დაუდასტურეს. ამდენად, ვიდრე განკარგულება არ დამტკიცდება, ვერც - საქართველოს რკინიგზა დაიწყებს სამუშაოებს, ვერც - გზების დეპარტამენტი, რომელმაც რკინიგზის გაჩერებიდან აეროპორტამდე საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს და უკვე ბოლო ეტაპია საქართველოს აეროპორტების მიერ შატლების დანიშვნა აეროპორტიდან რკინიგზამდე და პირიქით, რათა მგზავრების უფასოდ ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

bm.ge-ის ნათია თურნავას უწყებაში პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცეს:

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით მომზადებულია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაკავშირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, განხორციელდება ქუთაისის აეროპორტის მახლობლად მდებარე (1,5 კმ) რკინიგზის სადგურ „კოპიტნარის“ რეაბილიტაცია, ასევე ამ სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით მგზავრების გადაყვანა სატრანსპორტო საშუალებებით. კერძოდ, ამ გეგმის ფარგლებში მოხდება არსებული ბაქნის რეაბილიტაცია, არსებული სადგურის შენობის რეკონსტრუქცია, ასფალტირებული გზის დაგება და გაჩერებების, ასევე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა“.

ეკონომიკის უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ არც განკარგულების დამტკიცების სავარაუდო თარიღი და არც მიზეზი, რატომ ჭიანურდება მასზე ხელმოწერა.

ამასობაში, კერძო სექტორი პერიოდულად ითხოვს, თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი მატარებლები ქუთაისში, "რიონჰესის" სადგურზე 15 წუთით მაინც გაჩერდნენ. მათ შორისაა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი, თუმცა მისი მტიცებით, ამ ინიციატივას ქუთაისის მერი და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მხარს არ უჭერენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, bm.ge იმერეთში რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძესაც ესაუბრა, რომელიც თავის მხრივ, ირწმუნება, რომ თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებლის რეისზე ქუთაისში გაჩერების დამატებას არ ეწინააღმდეგება.

„ზოგადად, ცოტა აბსურდულია ის ბრალდება, თითქოს ვინმე შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმას, რომ მატარებელი ქუთაისში გაჩერდეს. ვერ ვიგებ მიზეზს, რატომ შეიძლება ამის წინააღმდეგი იყოს ვინმე ადგილობრივი თვითმმართველობიდან - მერი ან გუბერნატორი. სიტუაცია ასეთია და ეს ვთქვი იმ შეხვედრაზეც, საიდანაც ინფორმაცია გამოიტანეს - ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის დროს კოპიტნარის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია დაანონსდა. ორ ადგილას მატარებელი ქუთაისში ვერ გაჩერდება, უნდა გაჩერებულიყო ერთ-ერთში - ან „რიონჰესში" ან „კოპიტნარში“. გარდა იმისა, რომ „რიონჰესის“ სადგურზე არის ბაქანი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, არ შეესაბამება „შტადლერის“ ტიპის მატარებელს და ა.შ., ხოლო „კოპიტნარში“ ეს ყველაფერი უკვე არის. გარდა ამისა, ტურისტები გადაადგილდებიან ძირითადად კოპიტნარის აეროპორტიდან და აეროპორტში ჩამოსული დამსვენებლები შეძლებენ გადაადგილებას როგორც თბილისის, ისე - ბათუმის მიმართულებით. ასევე, როგორც ვიცით, დაანონსდა წყალტუბოს რეაბილიტაცია და ზუსტად ამ სადგურიდან წყალტუბოს მიმართულებით გადაადგილება არის მარტივი, პირდაპირ მიდის გზა; შესაბამისად, ტურისტებისთვის იქ მოხვედრა კოპიტნარის სადგურიდან გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე "რიონჰესის" სადგურიდან. ეს იყო ჩვენი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩქაროსნული მატარებელი გაჩერდეს არა - „რიონჰესის“ სადგურში, არამედ კოპიტნარში. „რიონჰესის“ რკინიგზის სადგური არ შეესაბამება ტექნიკურ სტანდარტებს და სწორედ ამიტომ არის გადაწყვეტილი, რომ კოპიტნარის აეროპორტს მიებას ეს გაჩერება“, - განაცხადა შალამბერიძემ.

კითხვაზე - წინააღმდეგია თუ არა რწმუნებული იმის, რომ „საქართველოს რკინიგზის“ თანხმობის შემთხვევაში, სადგურ "რიონის" რეაბილიტაცია განხორციელდეს, გუბერნატორი პასუხობს: „არ ვართ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა“;

ცნობისთვის: უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება ამის თაობაზე უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ და არა - რკინიგზამ.

„ამ ორივე საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა, თუმცა რიონის სადგურზე გაჩერებისთვის იქაც უნდა მოეწყოს ტექნიკურად ბაქანი, რომ შეძლოს ამ მატარებელმა გაჩერება, მაგრამ როცა კოპიტნარის სადგურის გახსნა დაანონსდა, იმ დროის შემდეგ მიმდინარეობს სამუშაოები. პროცესი ცოტათი გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო შენელდა, თუმცა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს რკინიგზასთან და ეს სადგური აუცილებლად დაიწყებს ფუნქციონირებას. ზუსტი პერიოდის დასახელება არ შემიძლია, თუმცა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს სადგური უნდა გავხსნათ. თითქმის ბოლომდეა ინფრასტრუქტურა მიყვანილი და, სავარაუდოდ, წელს უნდა გავხსნათ. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვსაუბრობთ ამ სადგურის განვითარებაზე და პირიქით მოითარგმნა, თითქოს წინააღმდეგები ვართ“, - განაცხადა რწმუნებულმა.

Bm.ge-ისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ზვიად შალამბერიძე, როცა ამბობს, რომ ინფრსტრუქტურა თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რადგან ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის მიყვანასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მთავრობას შესაბამისი განკარგულებაც არ აქვს დამტკიცებული და ჯერ მხოლოდ პროექტი არსებობს. ჩვენთვის უცნობია აეროპორტამდე რკინიგზის მიყვანის ბიუჯეტიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა