მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის გარდა, თბილისისა და ბათუმის ავიამიმართულებების განვითარებაზე აქტიურად ვმუშაობთ - ჭილაშვილი

62c334a637ba9
ალა ისპირიანი
04.07.22 23:00
1187
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ქუთაისის გარდა თბილისისა და ბათუმის ავიამიმართულებების განვითარებაზეც.

ვარლამ ჭილაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ქუთაისის აეროპორტში ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად Wizz Air-ის ბაზის გაფართოება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

„როდესაც ავიაკომპანია ბაზირებას ახორციელებს, ეს ავიაკომპანიის თითქმის სრულმასშტაბიან წარმომადგენლობას ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ბაზირებული საჰაერო ხომალდი მუდმივად არის განთავსებული კონკრეტულ აეროპორტში და შესაბამისად ყოველი სამგზავრო რეისი იწყება ან სრულდება მოცემულ აეროპორტში და ამ საჰაერო ხომალდის მიერ გენერირებული მგზავრთ ნაკადი და რეისები პირდაპირ არის მიბმული ამ აეროპორტზე. შესაბამისად ეს არის მეტი მგზავრი, მერი რეისი და მეტი პირდაპირი მიმართულება.

რაც შეეხება Wizz Air-ის ბაზის გაფართოებას, სულ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა ძალიან სასიხარულო სიახლე, რომ აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ხომალდს განათავსებს. მეორე ბაზირებული ხომალდის განთავსება გამოიწვევს რიგ სასიკეთო ცვლილებებს ჩვენთვის. ეს არის ახალი მიმართულებები პარიზისა და ტალინში. ასევე არსებულ მიმართულებებზე ოპერირების სიხშირეები გაიზრდება. ყოველი ბაზირებული ხომალდი სამუშაო ადგილებს ქმნის, რადგან ხომალდისთვის საჭიროა მომსახურე პერსონალი, ეკიპაჟი და სხვადასხვა ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც ძირითადად ბაზირებული ხომალდის შემთხვევაში ქართველი კადრებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. მოცემულ მომენტში ავიაკომპანია 20 მიმართულებით პირდაპირ რეისებს ახორციელებს. მათ შორის არის აბუ-დაბის მიმართულება. შეგახსენებთ, რომ ეს მიმართულება ახალია, რადგან აბუ-დაბის და ქუთაისს შორის რეგულარული პირდაპირი რეისები დეკემბერში დაიწყო.

აქტიურად ვმუშაობთ ქუთაისის გარდა თბილისისა და ბათუმის ავიამიმართულებების განვითარების საკითხზეც. ბოლო რამდენიმე ფორუმზე მონაწილეობისა და წარმოებული მოლაპარაკებების პირდაპირი შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა", - განაცხადა ვარლამ ჭილაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა Wizz Air-ისა, ქუთაისის აეროპორტში კიდევ რამდენიმე ავიაკომპანია ოპერირებს, ესენია: FLY ARISTAN; Belavia. ასევე სრულდება ადგილობრივი პირდაპირი რეისები ქუთაისსა და მესტიას შორის.

„FLY ARISTAN ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას წარმოადგენს. ის ბაზარზე 2021 წლის ზაფხულის სეზონზე შემოვიდა და ამჟამად ოპერირებას 4 მიმართულებით ახორციელებს. ამ მიმართულებებზე მოთხოვნა მაღალია და ავიაკომპანია ეტაპობრივად ზრდის სიხშირეებს. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს ავიაკომპანია Belavia მინსკის მიმართულებით და ასევე სრულდება პირდაპირი რეისები ქუთაისსა და მესტიას შორის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მონაწილეობს ყველა დიდი და მნიშვნელოვან საავიაციო ფორუმში, გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან. სამწუხაროდ, ახლა არ შემიძლია კონკრეტული ავიაკომპანიები დავასახელო, რომლებსაც რეალური ინტერესი აქვთ ქუთაისის აეროპორტის მიმართ. თუმცა, იმედია, ახლო მომავალში კარგი სიახლეები იქნება და ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს", - აღნიშნა მან.