მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერია საახალწლო განათებებზე 210 000 ლარს დახარჯავს

5fb3ff90462f4
მარიამ ადამია
17.11.20 22:30
1450
2021 წელს ქუთაისი ახალი განათებებით ხვდება და უკვე გამოცხადებულია 210 000 ლარის ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს საახალწლო განათებებისა და კონსტრუქციების შეძენას. ასევე იგეგმება ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლება, რომელთა მონტაჟი ქალაქში უკვე დაწყებულია. როგორც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი, ირაკლი ქარქაშაძე, bmg-სთან საუბარში აღნიშნავს, საახალწლო ღონისძიებები დაიწყება მთავარი ნაძვის ხის განათებით, რომლის განთავსების ადგილი კვლავაც უცვლელი რჩება- ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

“ნაძვის ხის დიზაინი წელსაც გამორჩეული და ორიგინალური იქნება, მეტი დეტალისგან თავს შევიკავებთ, ვინაიდან გვინდა სიურპრიზად დარჩეს. ნამდვილად ვფიქრობთ, რომ წელსაც ჩვენი ნაძვის ხე მსოფლიოს ულამაზეს მორთულ ნაძვის ხეთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს. რაც შეეხება ღონისძიებებს - ყველა დაგეგმილი ღონისძიება ტარდება ღია სივრცეში. ტრადიციული საახალწლო ბაზრობა, გაიმართება 29 დეკემბერიდან და 14 იანვრის ჩათვლით, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ასევე მოეწყობა საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ასევე ქუთაისში არსებული კვების ობიექტებისა და მწარმოებლების მიერ თავიანთ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა”, - აღნიშნა ქარქაშაძემ.

მისი თქმით, აქტიური საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 29 დეკემბრიდან და გაგრძელდება 14 იანვრამდე, თუმცა აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და გრაფიკი, დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება უშუალოდ 31 დეკემბერს, ვიცე მერის განცხადებით, ცენტრალურ მოედანზე, მოქალაქეებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად იგეგმება კონცერტი.