09.აპრილი .2022 15:35

ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ - აუდიტი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ - აუდიტი
views 1996
უკან

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. ამასთან, აღმოჩნდა ისიც, რომ ქუთაისის მერიის თანამშრომლები საწვავს მივლინებების ან სხვა დასაბუთების გარეშე ხარჯავდნენ.

აუდიტის დასკვნაში მოხვდა ისეთი ფაქტებიც, როცა შვებულების დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა  ჯამში 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯეს, მაშინ როცა არ ჰქონდათ უფლება მათთვის გამოყოფილი საწვავით ესარგებლათ.

"წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 607.7 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის, 2019 წელს დახარჯულია 342.3 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს − 265.4 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა (დათვლილია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ერთჯერადად ჩასხმული საწვავის რაოდენობა ავზის მოცულობას 5 ლიტრზე მეტით აჭარბებს). ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 7.7 ათასი ლარის ღირებულების 3.1 ათასი ლიტრი საწვავი.

ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და
ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი (ჯამში, სულ ჩასხმულია 3.9 ათასი ლარის ღირებულების 1.6 ათასი ლიტრი საწვავი. 

გარდა ამისა, გამოვლინდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 484 ფაქტი. ამ შემთხვევებში დახარჯულია 35.6 ათასი ლარის ღირებულების 14.3 ათასი ლიტრი საწვავი.

ხშირი იყო ერთი და იმავე ავტომობილის ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე შესაბამისი დასაბუთების გარეშე მრავალგზის გამართვის ფაქტი.

შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი (2019 წელს - 147, 2020 წელს - 89 შემთხვევა). ჯამში გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6.0 ათასი ლიტრი საწვავი"-წერია აუდიტის დასკვნაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა