მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მილიონზე მეტ მგზავრს ელოდება

5e58ecd13afc7
BM.GE
28.02.20 14:34
1073
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე 4-ჯერ დიდი იქნება, შემოდგომიდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა. სამუშოები "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ დაათვალიერა.

"ამ ეტაპზე ვიწყებთ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და მგზავრების მიღებას შეძლებს. ახალი ტერმინალი საათში 1 200 მგზავრის მომსახურების საშუალებას მოგვცემს. რაც არსებულ გამტარუნარიანობაზე 4-ჯერ მეტია",-განაცხადა თამარ არჩუაძემ.

უწყების ცნობით, ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. ევროპის მასშტაბით ვართ მეორე ადგილზე იმ აეროპორტებს შორის, რომლებიც 5 მილიონზე ნაკლები მგზავრთნაკადი აქვს. წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა, რათა მგზავრებს უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად მოვემსახუროთ", განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ახალ ტერმინალს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000 მდე მგზავრს მოემსახურა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.