მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში 8,3 მლნ ლარის ღირებულების საცურაო აუზი შენდება - დონორი ADB-ია

62161e66cd017
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.22 23:35
4379
ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახალი საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.  

ოლიმპიური სტანდარტის აუზის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

როგორც BM.GE-ის ფონდიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 8 384 800 ლარია. საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, დასრულება კი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. მოეწყობა მცირე აუზიც. დიდ საცურაო აუზთან კი, 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები განთავსდება. აუზის კომპლექსს ექნება გასახდელები და საშხაპეები, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობაც. საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი 150-200 მსუბუქი მანქანისთვის და 6 ავტობუსისთვის.



„ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისათვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობის ჩასატარებლად“, - აღნიშნავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.