16.აგვისტო .2020 12:10

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობისთვის 8,6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

views 673
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 644 126 ლარია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი „აზიის განვითარების ბანკისგან“ „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება „ქ. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობის“ განსახორციელებლად.

პროექტით გათვალისწინებულია დიდი საცურაო აუზი ზომებით 50X25 მ, მცირე აუზი ზომებით 16X10 მ, ტრიბუნები 500 მაყურებლისათვის. ასევე არის ტრენაჟორების დარბაზი. ვესტიბიულიში არის ღია კაფე, პატარა მაღაზია. "ორივე აუზი უშუალოდ დაკავშირებულია გასახდელებთან და საშხაპეებთან, გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებებიც. ასევე იგეგმება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი, როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის", – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

როგორც პროექტშია აღნიშნული ძირითადი სათავსების ფართობები ასეთია: დიდი საცურაო აუზი - 2 131 კვ.მ; მცირე საცურაო აუზი - 275 კვ.მ; ვესტიბიული და დერეფნები - 487 კვ.მ; გასახდელები და საშხაპეები - 412 კვ.მ ;ადმინისტრაცია - 81 კვ.მ; დამხმარე სათავსები - 224 კვ.მ; ტრენაჟორების დარბაზი - 304 კვ.მ; მწრთვნელების და პერსონალის ოთახი - 106 კვ.მ; საუნა - 39 კვ.მ.

ოლიმპიური საცურაო აუზი უნდა აშენდეს ქუთაისში 35–ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე.


ტენდერში წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა